ახალი ამბები

მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა

24 ივნისი, 2013 • 1383
მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, ეს გამოიხატა მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არებული ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ასევე, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათი სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მათი სასჯელიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ხელშეწყობაში. 

 

პროკურატურის განცხადებით, აღნიშული ქმედებები მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და ოჯახის წინააღმდეგ.

 

პროკურატურის ცნობით, 2012 წელს დაწყებული გამოძიების შედეგად დადასტურებულია რამდენიმე ფაქტი:

 

1. სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ე.წ. შარდენის სუფრიდან, ანუ საქართველოს შსს-ს იმდროინდელი გენ. ინსპეციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრიდან, კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.

 

2. სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ოფიციალური განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი პირი.

 

3. აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთის და თანამონაწილეებისთვის პასუხისმგებლობის განრიდების მიზნით მსჯავრდებულმა პირებმა დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება, თითოეულმა რამდენიმა ათასი ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ პრივილეგირებულ მდგომაროებაში ისე, რომ მათი ყოფა პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ცხოვრებისგან. მაგალითად, ისინი ხშირად სტუმრობდნენ საკუთარ სახლებს პატიმრობაში ყოფნის დროს და თავიანთ ძველ სამუშაო ადგილსაც სტუმრობდნენ.

 

5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე-პირობით გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად, კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით.

 

6. საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდან, ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებლივ ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობისპირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო)მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების  (დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის და სხვათა), მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით), უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რამაც პრაქტიკულად ზუსტი ასახვა ჰპოვა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ დაადგინა, – ვციტირებთ: “სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები- შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,  შიდა სასამართლოები,  საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ _ ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.”


“საქმეზე გრძლედება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. საქმის მოცულობისა და გამოძიების პროცესში მიკვლეული მტკიცებულებების სიმრავლის გამო, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა დღესვე გამოაქვეყნებს ივანე მერაბიშვილის ბრალდების დადგენილების სრულ ტექსტს”, – აცხადებენ პროკურატურაში.


საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით.

 

ამ საქმეზე 2006 წლის 6 ივლისს გასამართლებული იქნა 4 პირი: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი)  და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა),  143 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება)  და სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გ. ალანიას – 8 წლით თავისუფლების აღღკვეთა, მ ბიბილურიძეს, ა. აფციაურს და ა. ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით  საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, ხოლო 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით-ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან,  რის შედეგადაც მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.

 

2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასებული იქნა, როგორც გ.ალანიასა და გარდაცვლილს შორის ლესელიძის ქუჩაზე, „შარდენ ბარის“ გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.

 

2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით კი დადგენილია საპირისპირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი