ახალი ამბები

“115/35-ზე და უბარიერო სისტემა” – ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება განხილვისთვის მზადაა

19 თებერვალი, 2020 • 2375
“115/35-ზე და უბარიერო სისტემა” – ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება განხილვისთვის მზადაა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წევრი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ არსებულ სისტემაზე მეტად პროპორციული და ინკლუზიური საარჩევნო სისტემის შემოღების შესაძლებლობა არსებობს.

ჟორჟოლიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ენმ და “ევროპული საქართველო” დიალოგზე უარს ამბობენ, პარლამენტში არსებულ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს – მმართველ გუნდს, “პატრიოტთა ალიანსს”, ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს” და უფრაქციო დეპუტატებს- აქვთ რესურსი, საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.

ჟორჟოლიანი კოლეგებს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 115/35-ზე გადანაწილებას და ბარიერის გაუქმებას სთავაზობს, თუმცა ამბობს, რომ “ეს არის სალაპარაკო მაგალითი და არა ულტიმატუმის სახით დასმული წინადადება”.

“არის ლაპარაკის რესურსი, თორემ შეთანხმება შეიძლება არ შედგეს. მე ვამბობ, რომ ეს შანსი არ უნდა იქნას გაშვებული და არა იმას, რომ არსებობს რაღაც წინადადება, რომელსაც ყველა დაეთანხმება”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

გია ჟორჟოლიანმა ჯერ კიდევ 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მზაობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეთანხმება 28 დეპუტატთან, რომლებიც არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ევროპულ საქართველოში“ არ არიან და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეიძლება.

როგორც ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, საჯარო განცხადების გაკეთებამდე ზემოაღნიშნული 28 დეპუტატიდან უმეტესობასთან ჰქონდა საუბარი. ასევე, უმრავლესობის ლიდერები მზად არიან წინადადების განხილვისთვის.

“საჯარო განცხადებას ვიდრე გავაკეთებდი, მე ამ 28 დეპუტატატიდან უმეტესობას ველაპარაკე და მათი უმეტესობა ასეთი განხილვისთის მზადაა. პრესკონფერენციის შემდეგ, 18 თებერვალს პარლამენტშიც გავაკეთე განცხადება და “ოცნებას” ვუთხარი, რომ ახლა  პასუხისმგებლობა მათზეა. უმრავლესობის ხელმღვანელ პირებთან მქონდა საუბარი – კობახიძესთან, მდინარაძესთან – ამის თაობაზე, მაგრამ ფორმალური შეხვედრა , სადაც დავიწყებდით მსჯელობას, არ ყოფილა. იყო ლაპარაკი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია. მათი პასუხი იყო, რომ ჩვენც მიგვაჩნია, რომ შეიძლება ამაზე ლაპარაკიო”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, გია ჟორჟოლიანი ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 76 დეპუტატის ხელმოწერით უახლოეს პერიოდში უნდა იყოს შეტანილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მოესწროს.


თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე „ტვიტერში“ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ქართული ოცნება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, – წერს კალაძე.

ელჩების მიერ ინიცირებული დიალოგი საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი