ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დინამოს სტადიონის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დავხარჯეთ

18 ივლისი, 2015 •
ღარიბაშვილი: დინამოს სტადიონის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დავხარჯეთ

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, რეაბილიტაციის პროცესში გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები. მისი თქმით,  თბილისი უეფას სუპერთასის მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის.

“ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ბარსელონა-სევილიის მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

11 აგვისტოს დინამო არენაზე სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები 12 ივლისს გაყიდა. ფეხბურთის გულშემატკივრთა ნაწილმა ბილეთების შესაძენად ვაკის პარკში რამდენიმე დღით ადრე გაშალა კარვები. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროების გახსნამდე, წინა ღამით, ვაკის პარკში ათასობით ქომაგმა გაათენა ღამე. სალაროების გახსნამდე გულშემატკივრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. სფფ-მ გულშემატკივრების მიერ შედგენილ ჟურნალს არასამართლიანი უწოდა, თუმცა სუპერთასის მატჩის ბილეთები მეორე დღეს მაინც გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით გაიყიდა.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი