ხვალ, პარალმენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენრპოკურორობის კანდიდატს, ყოფილ მთავარ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
კომიტეტის დღის წესირიგის თანახმად, სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.
საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენპროკურორობის კანდიდატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს წარუდგინა.
შოთაძეს მხარი საბჭოს 13 წევრიდან 11-მა დაუჭირა. ერთმა ხმა სოფიო შენგელიას მისცა, კენჭისყრას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა.
შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
საპროკურორო საბჭოს 16 იანვრის განცხადების თანახმად, შოთაძის კანდიდატურა მათ წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.