ახალი ამბები

ისინი კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე – აჭარის ტელევიზიის დირექტორი

16 თებერვალი, 2020 • 1856
ისინი კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე – აჭარის ტელევიზიის დირექტორი

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, ამბობს, რომ ისინი “კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“.

დღეს 16 თებერვალს ბათუმში ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს.

სწორედ ამაზე საუბრობს ტელევიზიის დირექტორი რუსთავი 2-თვის მიცემულ კომენტარში. 

„ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან. არაფერი შეცვლილა…… ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად, არავის პიროვნული ინტერესი ჩემ მიმართ არ არის“ – ამბობს გიორგი კოხრეიძე და ამატებს, რომ ტელევიზიაში თანამდებობები გადანაწილდება ისე, როგორც საჭიროა.

კოხრეიძე ასევე დასძენს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით მას თავისი პოზიცია აქვს და რომ „ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას“, გამეორება კი საჭირო არაა.


14 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აუქმებენ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატს, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ და ტელევიზია, სავარაუდოდ, აღარ შეიძენს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიაპროდუქტს ტენდერით, როგორც ბიუჯეტშია მითითებული.

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი ცვლილებებს აფასებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხედ.

განცხადება გაავრცელა მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირმაც.

„ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის,“ – აღნიშნულია ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/254168/

მასალების გადაბეჭდვის წესი