პარლამენტის წევრს, თამარ ჩუგუშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომ ბლუმბერგის სტატია შესაძლოა დასპონსორებული იყოს, საერთაშორისო მედიაში უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს:
“არჩილის [თალაკვაძის] ეს განცხადება “ქართული ოცნების” მიმართ საერთაშორისო მედიის უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეთქვა, უმნიშვნელოვანესი საარჩევნო წელი მოდის, მეორე ვადა სრულდება და ამბიცია გვაქვს, მესამე ვადაშიც ძლიერად შევიდეთ პარლამენტში. ამის ნაცვლად ჯერ ხომ მოვატყუეთ, შემდეგ ეს ტყუილი არ ვაღიარეთ, ვუთხარით, რომ რაღაც აჯანყდა, შიდაპარტიოული დემოკრატია… არ შეიძლება ასეთი რაღაცები. ეს ორი ადამიანების ურთიერთობაშიც არ შეიძლება, არათუ ორ სახელმწიფოს შორის.”
დღეს, 14 თებერვალს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრება, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია. ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ილაი ლეიკი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სტატია “დასპონსორებული” არ ყოფილა და ერთადერთი, ვინც საავტორო სვეტის მომზადებაში ფულს უხდის, ბლუმბერგია.
Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია – თალაკვაძე