ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი არის ელი ლეიკი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად Bloomberg View-ის კოლუმნისტია. თანამშრომლობდა Fox-თან, CNN-თან, C-SPAN-თან და სხვა გამომცემლობებთან. იგი აგრეთვე The Daily Beast-ისა და Newsweek-ის უფროსი კორესპონდენტი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრება, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით დასპონსორებულია.
სტატიაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ აშშ-დან კრიტიკული წერილების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით სტატია დასპონსორებულია და მიანიშნებს ოპოზიციაზე, რომელსაც მისი თქმით, დღეს ქვეყენაში მხარდაჭერა არ აქვს.
„ისინი ცდილობენ საერთაშორისო პრესით გააჟღერონ თავიანთი პოზიციები და სცადონ, ამით მაინც გაუკეთონ კომპენსირება იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც მათ ქვეყანაში აქვთ. ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია..
დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… “, – ამბობს თალაკვაძე.
მისივე თქმით, ივანიშვილს, როგორც სხვა პირს, უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიას გაუფორმოს კონტრაქტი და გამოიყენოს მათი მომსახურება სტრატეგიული მიზნებისთვის.
თალაკვაძე ამატებს, რომ „ოცნება“ აგრძელებს პარტნიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობას, ოპონენტებსა და ოპოზიციას კი 2020 წლის არჩევენებზე ელოდება.