ახალი ამბები

პირველი შემთხვევაა, როცა ასოცირების კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო – ვანო ჩხიკვაძე

13 თებერვალი, 2020 • 2610
პირველი შემთხვევაა, როცა ასოცირების კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო – ვანო ჩხიკვაძე

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.

ჩხიკვაძის თქმით, ალტერნატიული გზა არის, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს მხარის მიერ განცხადებები ცალ-ცალკე გაკეთდეს.

“ასოცირების კომიტეტის განცხადება არის ორმხრივი დოკუმენტი და ორივე მხარე უნდა შეჯერდეს იმ შეფასებებზე, რაც ამ დოკუმენტში იქნება ჩადებული. როგორც ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდნენ შეფასებებზე და სხვადასხვაგვარად აფასებენ სიტუაციას, რაც ქვეყანაშია. ალტერნატიული გზა არის, რომ ცალ-ცალკე გაკეთდეს განცხადებები. ევროპარლამნეტს ისიც შეუძლია, რომ რეზოლუცია მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით და, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მზადდება ეს რეზოლუცია. ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალმხრივი დოკუმენტია და ორივე მხრიდან თანხმობა არ სჭირდება, ისინი შეფასებებში, სავარაუდოდ, თავისუფლები იქნებიან და შესაბამისად – უფრო მკაცრები, ვიდრე შეიძლება ყოფილიყვნენ ასოცირების კომიტეტის დოკუმენტში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩხიკვაძემ.

ვანო ჩხიკვაძე არ მიიჩნევს, რომ ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაზე შეუთანხმებლობა დამაზიანებელი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, მაგრამ ამბობს, რომ ხელის შემშლელი იქნება ის კრიტიკული შეფასებები, რაც ევროპარლამენტში არსებობს.

12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან – დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტიდან კი მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ. სხდომაზე  უნდა მიეღოთ ერთობლივი განცხადება, თუმცა მხარეები დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი