ნეტგაზეთი | EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა – Netgazeti

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშილის ინფორმაციით, განცხადების სამუშაო ვერსიაში დაახლოებით 40-მდე შესწორება იყო ინიცირებული, როგორც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ისე ევროპარლამენტარების მიერ. სამადაშვილის ინფორმაციით, კრიტიკული შესწორებები შეეხებოდა საარჩევნო სისტემას, ანაკლიის პორტს, გიგი უგულავას საქმეს და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს. შესწორებები გარეშე დოკუმენტის მიღება კი უკვე ევროპალრამენტისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და დოკუმენტი ჩავარდა.

“ქართულმა ოცნებამ” არ დაუჭირა მხარი არცერთ შესწორებას, რომელიც წარადგინეს ევროპარლამენტის წევრებმა კომიტეტის საბოლოო დეკლარაციის მისაღებად. ევროპარლამენტის წევრებმა კი მხარი დაუჭირეს ყველა შესწორებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი, მეორე მხარეს – ბიძინა. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავნათავმჯდომარე, “ქართული ოცნების” წევრი დავით სონღულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ სხდომა ერთობლივი დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა. მისი თქმით, ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა, ხოლო შესწორებების ნაწილი მხარდაჭერილი იყო, ნაწილი – არა.

“ასოცირების კომიტეტი ყოველი შეხვედრის შემდეგ იღებს განცხადებას, რომელიც სამუშაო პროცესის შეჯამებაა და აღნიშნავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ა.შ. დოკუმენტი წარმოდგენილი იყო ამჯერადაც, თუმცა არ იქნა მხარდაჭერილი, ვერ მივიღეთ… შეუთანხმებელი საკითხები შეეხებოდა მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ საკითხებს, რაც ოპოზიციის დღის წესრიგშია. ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ამ კენჭისყრაზე. მოწინააღმდეგეები, თუ არ ვცდები, ერთი კაცით მეტი აღმოჩნდა”, – განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას ადანაშაულებს დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.

“სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიცია ძალიან ნეგატიურად მუშაობს. ეს წარუმატებლობა, რომელიც მათ ძალიან გაეხარდათ, სამწუხაროდ, არ არის მმართველი პარტიის წარუმატებლობა – ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ამიტომ მსგავსი ტიპის დამოკიდებულება მათი მხრიდან, პირველ რიგში, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ, არის ანტისახელმწიფოებრივი”, – ამბობს სონღულაშვილი.

დავით სონღულაშვილის თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი დოკუმენტის ჩავარდნით “არაფერი დამთავრებულა” და ქართული მხარე კომიტეტის შემდეგი სხდომისთვის მოემზადება.

“ამით ქვეყანა არ დაქცეულა. ეს არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს. კარგად ვიაზრებთ იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშეა და აქტიურად გავაგრძელებთ მზადებას შემდგომი კომიტეტისთვის”, – განაცხადა სონღულაშვილმა.


12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან – დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტიდან მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ.

კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.