ახალი ამბები

შეშფოთებას იწვევს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უგულავას განაჩენზე

12 თებერვალი, 2020 •
შეშფოთებას იწვევს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უგულავას განაჩენზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას Twitter-ზე ეხმაურება.

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს და შეშფოთებას იწვევს. ამ გადაწყვეტილების ირგვლივ არსებული გარემოებები პოლიტიკური დიალოგის პროცესის წინსვლას ხელს არ უწყობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული გზისთვის გადამწყვეტი ელემენტებია”, – წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი