რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი “ეიპიემ ტერმინალსის” პორტის გაღრმავებასთან დაკავშირებულ გეგმებს ეხმაურება.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ფოთის პორტისგან დაღრმავებით სამუშაოებზე განცხადებებს დიდი ხანია ისმენენ, თუმცა რეალურ ნაბიჯებს ვერ ხედავენ. ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ფოთში პორტის დაღრმავებით სამუშაოებზე ნებართვა, სხვადასხვა უწყების მიერ შესწავლის შემდეგ გაიცემა:
“როდესაც მთავრობამ 2014 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, მაშინაც ქვეყანაში გვქონდა ფოთის, ბათუმის, ყულევის და ა.შ. ყველა ამ პორტს აქვს საკუთარი შესაძლებლობები… მედიაში ვნახე “ეიპიემ ტერმინალსის” განცხადება, რომ პორტის გაფართოებას გეგმავენ. ვნახოთ, ამჯერად მათი ეს განცხადება რეალურ გეგმას რამდენად შეესაბამება. თუ ისინი მშენებლობის ნებართვაზე მიმართავენ, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო, ისევე როგორც ყველა, ჩართული უწყება, განიხილავს ამ გეგმას. შემდეგ, უკვე რა პროექტზე, ვალდებულებებსა და გაფართოებაზეა საუბარი, მათ შორის იქნება განსახილველი როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ბევრი სხვა სოციალ-ეკონომიკური ფაქტორი. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული პორტის შესაძლო გაფართოებაზე. ფოთის პორტი ნამდვილად აცხადებს, რომ პორტის დაღრმავებას გეგმავს, რადგან უფრო დიდი ზომის გემების მიღება შეძლოს, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს მხოლოდ ის განცხადებებია, რომლებსაც ჩვენც მედიის საშუალებით ვისმენთ”, – აცხადებს მინისტრი.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღების პროცესი “ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების მტკიცე განზრახვით”. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პორტის პრესსამსახური ავრცელებს:
“2020 წლის 11 თებერვალს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.
როგორც “ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს”, – ნათქვამია “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” განცხადებაში.