ახალი ამბები

თუ დიალოგის ხელშეწყობა სურს, უგულავა შეიწყალოს – ბაქრაძე პრეზიდენტზე

12 თებერვალი, 2020 • 1223
თუ დიალოგის ხელშეწყობა სურს, უგულავა შეიწყალოს – ბაქრაძე პრეზიდენტზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის ხელშეწყობა სურს, გიგი უგულავა შეიწყალოს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ 12 თებერვალს, გიგი უგულავას დაკავებიდან 2 დღეში, გაავრცელა განცხადება, სადაც დიალოგის ხელშეწყობაზე საუბრობს.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის“, – წერია განცხადებაში.

დავით ბაქრაძემ „მთავარ არხთან“ საუბარში პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და განაცხადა:

„თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი: ეს არის უსამართლოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავას შეწყალება“, — განუცხადა დავით ბაქრაძემ „მთავარ არხს“.

„თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას“, – დასძინა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ეს არ ნიშნავს, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას შეწყალებას სთხოვს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას არაერთი საელჩოს, კონგრესმენისა თუ ევროპარლამენტარის კრიტიკული განცხადება მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი