ახალი ამბები

დამაჯერებელია თუ არა თბილისის საკრებულოს განმარტება 300 ბილეთის შეძენის თაობაზე

13 ივლისი, 2015 •
დამაჯერებელია თუ არა თბილისის საკრებულოს განმარტება 300 ბილეთის შეძენის თაობაზე

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მატჩზე დასასწრები ბილეთების კორპორატიული წესით მიყიდვა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სთხოვა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენა მაჟორიტარი დეპუტატები მათსავე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, კონკრეტულად რომელმა მაჟორიტარებმა გამოთქვეს მსგავსი სურვილი, ჯოხაძე პასუხობს:

 

“მე ვარ სპორტის კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში და არაერთმა მაჟორიტარმა მომმართა:  ლადო ძნელაძემ, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი ჰყავს, სადაც 50 ბავშვია გაწევრიანებული. ასევე, გოგლიკო მუსხელიშვილმა ვაკის მაჟორიტარმა, მე თვითონ მუხიანის მაჟორიტარი ვარ და სოციალურად დაუცველი 7 ბავშვისთვის მინდოდა ბილეთის ყიდვა, ასევე მთხოვა კობა კობალაძემ, ირაკლი აბუსერიძემ… ჩვენ თავიდან ელექტრონულად გვსურდა [biletebi.ge-ზე] ამ ბილეთების შეძენა. მე ჩემი კომისიის აპარატის თანამშრომლებისთვის მქონდა დავალებული. უბრალოდ, როდესაც სერვერმა გაჭედა, შესყიდვა ვერ მოვახერხეთ და ვკითხეთ ფეხბურთის ფედერაციას, რა ფორმით შეიძლებოდა ამ ბილეთების შეძენა, სადაც გვითხრეს, რომ იქნებ მოგვწეროთ წერილობით. ჩვენ მივმართეთ წერილობით, თუმცა არც პასუხი მიგვიღია ჯერ და არც ბილეთები”, – ამბობს ჯოხაძე.

 

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მიერ ბილეთების შესყიდვის ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდა, იგივე დაწერა ფეისბუკზე დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა. როგორ მოხდა, რომ მაჟორიტარების ნაწილი საქმის კურსში იყვნენ, ხოლო ნაწილი არა? ამ ფაქტს ქეთევან ჯოხაძე ასე ხსნის:

 

“ალეკო ელისაშვილი ამერიკაში იყო მაგ დროს… დათო ზურაბიშვილსაც არ გამოუთქვამს სურვილი… ბატონი დათო არ იყო ალბათ საკრებულოში, თუმცა თათბირებზე ვთქვით და [დეპუტატებმა] იცოდნენ, რომ ასეთი სურვილი გვქონდა”.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის მიწერილი წერილი დღეს ნიკა მელიამ გაასაჯაროა. წერილის მიხედვით, საკრებულო სამი კატეგორიის 300 ბილეთის შეძენა უნდა: 100 – 18-ლარიანი, 100 – 135-ლარიანი და 100 – 75-ლარიანი. რა პრინციპით დაყვეს მაჟორიტარებმა ბავშვები, ვინ რამდენლარიან ადგილზე დაჯდებოდა სტადიონზე?

 

“მასე არ იყო. ზოგ დეპუტატს ჰქონდა იმის საშუალება და სურვილი, რომ ეყიდა 75-ლარიანი, ზოგს არ ჰქონდა მაგის საშუალება და ყიდულობდა 18-ლარიანს. ამას დეპუტატები ყიდულობდნენ თავიანთი ფულით და ამგვარად მოხდა ეს დეფინიცია”.

 

რაც შეეხება იმას, თუ რანაირად დაჯდა ამგვარი ფორმულით, სამივე კატეგორიაზე ზუსტად 100-100 ბილეთის შეძენის საშუალება რომ აღმოაჩნდა ყველა მაჟორიტარს, ჯოხაძე განმარტავს:

“რიცხვი თუ გაინტერესებთ, 276 ბილეთი გამოვიდა სულ  და ჩვენ უბრალოდ დავამრგვალეთ. მერწმუნეთ, მსურველი ნამდვილად ბევრი იყო და არც იმ 25 ბილეთზე შეიქმნებოდა პრობლემა…”.

 

რა პრინციპით შეარჩიეს მაჟორიტარებმა ბავშვები, რომლებიც ბარსელონა – სევილიას მატჩს დაესწრებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ყველა რაიონში არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს?

“მაგალითად, ჩემი ბიუროს მაგალითზე გეტყვით, რომ მე ვიცი ის ოჯახები, ვინც მოდიან ჩვენთან, მათ შორის არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. მე ასეთი კატეგორიიდან მყავდა შერჩეული. მეტის საშუალება არ მქონდა. ჩემი სახსრებით ვყიდულობდი ამ ბილეთებს. ყველაზე უფრო გაჭირვებული ოჯახებიდან ამოვარჩიე 7 ბავშვი. ისინი, ვისთვისაც მე პირადად შემეძლო ბილეთი გადამეცა”, – ამბობს იგი.

 

ქეთევან ჯოხაძე არ ფიქრობს, რომ დეპუტატების მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, რადგან ამჟამად საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ყველა ეჭვი გაიფანტოს, მზად არიან, თუ ფედერაცია ბილეთებს მიჰყიდის, ბავშვებისთვის ბილეთების გადაცემის და სტადიონზე წაყვანის პროცესი საჯარო გახადონ მედიისათვის.


 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები მათგან უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვას კორპორაციული წესით ითხოვენ და ფედერაციაში უკვე შესაბამისი უამრავი წერილი აქვთ მიღებული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი