ნეტგაზეთი | სამინისტრომ აუდიტს უთხრა, რომ სუპერთასის ფინალის გამო ქართულ მხარეს 476 367 ევრო ვალი დაედო სამინისტრომ აუდიტს უთხრა, რომ სუპერთასის ფინალის გამო ქართულ მხარეს 476 367 ევრო ვალი დაედო – Netgazeti
RU | GE  

სამინისტრომ აუდიტს უთხრა, რომ სუპერთასის ფინალის გამო ქართულ მხარეს 476 367 ევრო ვალი დაედო

თბილისში 2015 წელს გამართული სუპერთასის ფინალის გამო, რომელშიც ერთმანეთს კატალონიის ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდნენ, სავარაუდოდ ქართულ მხარეს უეფას მიმართ 476 367 ევროს ოდენობის ვალი დაედო. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოცემული ინფორმაცია, რომლის ავთენტურობაც აუდიტს დამატებით არ უკვლევია მისი მანდატიდან გამომდინარე.

ზემოხსენებული მატჩი 2015 წლის აგვისტორში გაიმართა და ის ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა.

ზემოხსენებული ინფორმაცია აუდიტის სულ სხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევიდან გახდა ცნობილი. საუბარია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების 2015-2017 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში მონაწილეობაზე, რომლის ნაწილიც როგორც ირკვევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და აუდიტი სწორედ იმას იკვლევს იყო თუ არა ეს მიზნობრივი, როდესაც არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ტურნირის გასვლით მატჩებში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობას უეფა აფინანსებდა.

აუდიტის მიხედვით, უეფას რეგულაციებით, 21 წლამდე ფეხბურთელთა 2015-2017 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში მონაწილე ასოციაციებს – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფა აფინანსებდა 135,000 ევროს (357,546 ლარი) ოდენობით. 21 წლამდე ფეხბურთელთა 2015-2017 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ: ესპანეთი, სან – მარინო, ხორვატია, შვედეთი და ესტონეთი. აქედან, ესპანეთში გასვლითი მატჩის ხარჯები სამინისტროდან ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ასიგნებიდან არ დაფინანსებულა, ხოლო დანარჩენი ოთხი გასვლითი მატჩი დაფინანსდა სამინისტროს მიერ. ოთხი გასვლითი მატჩის – მგზავრობის, კვების და დაბინავების თანხამ შეადგინა 332,320 ლარი, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო ფეხბურთის ფედერაციის მიერ უეფადან გამოყოფილი სახსრებით.

თუმცა აუდიტის მიერ მიღებული ინფორმაციით, ქართულ მხარეს ზემოხსენებული 135 ათასი ევრო არ მიუღია, რადგან ამ პერიოდისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერიცხებოდა წინა ხელმძღვანელობის მიერ აღიარებული დავალიანება უეფას მიმართ, რის გამოც მისაღები თანხა უეფამ პირდაპირ გაქვითა დავალიანებაში.

“ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის პერიოდში, ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შესარჩევი შეხვედრებისთვის, რომელიც გაიმართა ესპანეთში, ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წინააღმდეგ და თბილისში – შვედეთის 21 წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, ფეხბურთის ფედერაციას ღონისძიებების დასაფინანსებლად სამინისტროდან თანხა არ გამოუთხოვია. აღნიშნულ მატჩებში ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი სახსრებიდან დახარჯა სულ 126,715 ლარი, მათ შორის, გასწია მგზავრობის ხარჯი: თბილისი – მალაგა – თბილისი – 38,962 ლარი და სასტუმროს ხარჯი ესპანეთში – 43,847 ლარი“.

ამის შემდგომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდა დამატებითი აუდიტორული პროცედურები, კერძოდ:

2018 წლის 5 მარტის  წერილით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგი კითხვებით:

  • რა არგუმენტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული სამინისტროს მხრიდან ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების გადაწყვეტილება.
  • როდის და რომელი ოპერაციის შედეგად წარმოეშვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დავალიანება უეფას მიმართ.
  • რომელი პირველადი დოკუმენტებით დგინდება ზემოაღნიშნული 135,000 ევროს გაქვითვის ფაქტი.

აუდიტი აცხადებს, რომ საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გასვლით საკვალიფიკაციო მატჩებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებათა ფარგლებიდან, რომლის მიზნებსა და ამოცანებს სრულად შეესაბამებოდა ზემოთ მითითებულ მატჩებში ნაკრები გუნდის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე აღნიშნულია, ფეხბურთის ფედერაციამ შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინა 2017 წლის 13 დეკემბრის N1073 წერილით;

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული უეფას ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია დაკრედიტდა 70,000 ევროთი (18.12.2015) და 65,000 ევროთი (30.11.2016), ხოლო ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე კონკრეტული გადახდა არ მომხდარა. ასევე ელქტრონულ წერილში აღნიშნულია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე დარიცხულია 476,367 ევროს დავალიანება, რომელიც უკავშირდება თბილისში, 2015 წლის აგვისტოში გამართულ უეფას სუპერთასის ფინალის საბოლოო ფინანსურ ანგარიშს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ზეპირი განმარტებით, უეფას მხრიდან აღნიშნული კონტრიბუციით ძველი ვალდებულების გაქვითვა შეთანხმებული იყო ფეხბურთის ფედერაციასთან.

“ამრიგად, აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების გასვლით საკვალიფიკაციო მატჩებში – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 332,320 ლარის ოდენობით, არაპირდაპირ მოხმარდა ფეხბურთის ფედერაციის უეფას მიმართ რიცხული გასული პერიოდის დავალიანების დაფარვას, რომლის არსებობისა და წარმოშობის საფუძვლების შესახებ სამინისტრო სათანადოდ დასაბუთებულ ინფორმაციას არ ფლობდა.

ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობათა კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა-შეფასებაზე. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, შევაფასოთ აღნიშნული დავალიანების სისწორე და რეალობა”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების სხვა ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, 21 წლამდელთა ნაკრების მსგავსი მნიშვნელობის ტურნირი უნდა დაფინანსებულიყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირი დაფინანსების წყარო არსებობდა თანხის გამოყოფის შესახებ, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევროს ოდენობით რესურსის არსებობისა და ფედერაციის უეფას მიმართ რიცხული დავალიანების წარმოშობის საფუძვლების შესახებ სამინისტროს ამომწურავი ინფორმირებულობა.

“ასეთ პირობებში სამინისტროს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო დასაბუთებული რწმუნება დაფინანსების ალტერნატიული წყაროს არარსებობაზე და მხოლოდ აღნიშნული პროცედურების შემდგომ განეხილა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებიდან ფეხბურთის ფედერაციისათვის დროებით, შემდგომი დაბრუნების პირობით ან სხვა წყაროდან (მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) თანხის გამოყოფის შესაძლებლობა. ამავე დროს, ჩვენი მოსაზრებით, განხორციელებული გზით დაფინანსების გადაწყვეტილება არ შეესაბამება ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს”, – აცხადებს აუდიტის სახელმწიფო სამსახური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტი მიიჩნევს, რომ:

  • უეფას რეგულაციებით, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფადან გამოყოფილი თანხიდან – 135,000 ევროდან ფეხბურთის ფედერაციას უნდა დაეფინანსებინა ხუთი გასვლითი მატჩის – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები. ფაქტობრივად, ამ მიზნობრიობით, ერთ გასვლით მატჩზე დაიხარჯა ფეხბურთის ფედერაციის 82,809 ლარი, ხოლო ოთხ გასვლით მატჩზე – სამინისტროდან ფედერაციაში გადარიცხული საბიუჯეტო სახსრები 332,320 ლარის ოდენობით. უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევრო (357,545 ლარი) გამოყენებულ იქნა ფეხბურთის ფედერაციაზე უეფას მიმართ რიცხული ძველი ვალების დასაფარად. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების პირდაპირი წყარო არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ უეფადან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ხუთივე გასვლითი მატჩის დასაფინანსებლად (სხვაობა – 57,584 ლარი), ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსებულიყო მხოლოდ 57,584 ლარი. შესაბამისად, გამოყოფილი 332,320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება – 274,736 ლარი;
  • სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც თავიდან აიცილებს მსგავსი შემთხვევების განმეორებას. კერძოდ, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული გადაწვეტილების მისაღებად, სამინისტრომ შეიმუშაოს ფორმალიზებული პოლიტიკა და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ყველა რელევანტური ინფორმაციის და დოკუმენტაციის, მათ შორის, დაფინანსების არსებული და ალტერნატიული წყაროების დეტალურ მოკვლევას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com