ახალი ამბები

ბარსელონისა და სევილიას გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში [ვიდეო]

11 აგვისტო, 2015 • 1528
ბარსელონისა და სევილიას გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში [ვიდეო]

ძველ თბილისში ესპანეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბარსელონის გულშემატკივრები იკრიბებოდნენ. როგორც უეფას ერთ-ერთი მოხალისე, თორნიკე გოგისვანიძე ამბობს, ძველ თბილისში ბარსელონის გულშემატკივრები დილიდან მიდიოდნენ ფან-ზონაში. უცხოელი ფანები მოხალისეებისგან იღებდნენ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ სად შეუძლიათ გაატარონ დრო მთელი დღის განმავლობაში და მოინახულონ საინტერესო ადგილები.
 
ბარსელონას გულშემატკივრები. შარდენი, ძველი თბილისი. 11 აგვისტო, 2015 წ.
ბარსელონას გულშემატკივრები. შარდენი, ძველი თბილისი. 11 აგვისტო, 2015 წ.
 
ვერის ბაღში სევილიოის გულშემატკივარები მათი საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად დილიდან ხმაურობენ. სევილიის ერთ-ერთი ქომაგი, მარი ხოსე ამბობს, რომ გულშემატკივართა ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და თამაშის მერე მიუნხენში აპირებენ წასვლას.
 
სუპერთასის მატჩის ფავორიტად ბარსელონა ითვლება, თუმცა სევილიის გულშემატკივრებს თავისი საყვარელი გუნდის იმედი აქვთ. მათი ერთ-ერთი ქართველი ქომაგი, მერაბ მოდებაძე, რომელიც ესპანეთში წლებია ცხოვრობს, ვარაუდობს, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდება. მისი თქმით, მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდება.
 
სევილიას გულშემატკივრები. ვერეს ბაღი, თბილისი. 11 აგვისტო, 2015 წ.
სევილიას გულშემატკივრები. ვერეს ბაღი, თბილისი. 11 აგვისტო, 2015 წ.
 
ორივე წერტილში დღეს დილიდან მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები, თუმცა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამბობენ, გულშემატკივრებს შორის უსიამოვნო ინციდენტებს თბილისის ქუჩებში ადგილი არ ჰქონია.
 
მთელი დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის და დაგეგმარების სამმართველო უცხოელ გულშემატკივრებს სპეციალური კითხვარის შევსებას სთხოვდა. როგორც სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე ამბობს, ისინი სუპერთასის ეკონომიკური ეფექტურობის კვლევას ატარებენ.
 
”ჩვენ დავურიგეთ ესპანელ და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს კითხვარები, სადაც ისინი პასუხობენ, თუ რა დანახარჯები გასწიეს საქართველოში. ეს დაგვეხმარება განვსაზღვროთ მთლიანობაში, თუ რა დადებითი ეფექტი მოუტანა უეფას სუპერთასმა საქართველოს ეკონომიკას,” – ამბობს ბრეგაძე.
 
უეფას სუპერთასისათვის ბარსელონისა და სევილიის დაპირისპირება დინამო არენაზე დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი