ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართელოში მიმდინარე მოვლენებით.
კუბილიუსი “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს, რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ სამართლებრივად დევნილი არაა:
“რა თქმა უნდა, მძიმედ ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. დავინახეთ, რომ ჩვენ მიმართ ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოცემული დაპირებები არაა შესრულებული. ერთ-ერთი ეხებოდა ოპოზიციასთან დიალოგს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე კი- ოპოზიციონერი ლიდერების დევნას.
რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას თუ დავეყრდნობით, ჩანს, რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი, ეს კი იმის ნიშნებია, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა და ეს ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც გვაშფოთებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. ჩვენთვის ასეთი რამის ყურება ძალიან მტკივნეულია. ვიცი, რომ ევროპარლამენტში შეხვედრებია ჩანიშნული მიმდინარე კვირას, რაც მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტარებს ექნებათ საერთო დეკლარაციაც და კარგი იქნება, თუ ქართული დელეგაცია გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას”,- აცხადებს კუბილიუსი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” (რუსთავი 2-ის თარგმანი).