ახალი ამბები

“ლელოს” არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას

11 თებერვალი, 2020 • 1633
“ლელოს” არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” 4 აპრილს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უერთდება, თუმცა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ აქვს.

ოპოზიციამ დღეს დააანონსა, რომ საარჩევნო კამპანიას სწორედ 4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციით დაიწყებს, რომელზეც სამოქმედო გეგმას გაახმიანებს.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” და “დემოკრატიული მოძრაობა” მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიოს და საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. ენმ-ის ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე “თითქმის შეთანხმებულია”. თუმცა “ლელო” ამ ინიციატივას ჯერჯერობით არ უერთდება.

“4 აპრილის აქციაზე არის შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამ აქციაზე უნდა განაცხადონ პარტიებმა არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე. რაც შეეხება კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, “ლელოში” ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. “ლელოს” პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს”, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი