ექსპერტმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ლიკა კიკიანს სხეულზე დაზიანებები ხელით და მკვრივ-ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული:
“დავაფიქსირე ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე ჰქონდა. ეს არის ძირითადად ორივე ხელის მიდამოში. ფეხზე აქვს კიდევ ორი დაზიანება. მრავლობითი დაზიანებებია მხრის და წინამხრის მიდამოში. ყველა არის მსუბუქი დაზიანება. ორი ჯგუფია გამოყოფილი ხელებზე, რაც შესაძლოა თითებით იყოს მიყენებული. დანარჩენი დაზიანებები კი მკვრივ-ბლაგვი საგნით არის მიყენებული. ერთგან არის პატარა ნაკაწრი. კიკიანს დასკვნა გადავეცი და ვთხოვე, რომ დამკითხონ. “
მაია ნიკოლეშვილის განცხადებით, როგორც ლიკა კიკიანმა უთხრა, როცა შეამოწმეს, ალკოტესმა აჩვენა -3 : “ეს სიმთვრალედ არ განიხილება, რადგან მსუბუქი ხარისხის სიმთვრალეზე ქვევით არის, თუ ეს ფიზიოლოგიურად დადასტურდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის. კიკიანს ვუთხარი, რომ მას სჭირდება ფსიქოლოგის და უროლოგის კონსულტაცია.”
კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელმა ლიკა კიკიანმა განაცხადა, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანმა ვიდეომიმართვა 7 ივლისს გაავრცელა.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.
კიკიანის თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოესარჩლნენ. საბოლოო ჯამში, კიკიანის თქმით, პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.