ახალი ამბები

ოპოზიცია პროპორციულ-მაჟორიტარებს შორის თანაფარდობის 120/30-ზე ან 135/15-ზე შემცირებას განიხილავს

10 თებერვალი, 2020 •
ოპოზიცია პროპორციულ-მაჟორიტარებს შორის თანაფარდობის 120/30-ზე ან 135/15-ზე შემცირებას განიხილავს

ოპოზიცია პროპორციული სიით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის თანაფარდობის 120/30-ზე ან 135/15-ზე შემცირების ვარიანტებს განიხილავს.

ოპოზიციის შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ამ წუთებშიც (16:00) მიმდინარეობს.

“კომპრომისი არის ორმხრივი მოძრაობა. 100/50-ზე განყენებულად, როგორც აყენებს “ქართული ოცნება”, და მიბმა იმაზე, რომ 2024 წელს პროპორციული არჩევნები არ იყოს, ოპოზიციისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ახლა ეს ორი პოზიცია უნდა შეჯერდეს. ბევრი ვარიანტია: 120/30-ზე, 135/15-ზე…”, – განაცხადა საარჩევნო საკითხზე ოპოზიციის გაერთიანებული ფორმატის კოორდინატორმა პაატა დავითაიამ.

მისი ინფორმაციით, ოპოზოციის შესაძლო ვარიანტში 2024 წელზე არაა საუბარი, ვინაიდან კონსტიტუციური ჩანაწერის გაუარესება ყველასთვის მიუღებელია.

“დღეს გვექნება საუბარი მოვლენების განვითარების ვარიაციებზე. თუ ოპოზიცია არ წავიდა შეთანხმებაზე, მაშინ განვიხილავთ, თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია. ელჩების შუამავლობით მიმდინარე კონსულტაციების მეხუთე რაუნდის შემდეგ ისევ შევიკრიბებით “ლეიბორისტების” ოფისში და დავგეგმავთ მოქმედებების გეგმას. აქაც რამდენიმე ვარიანტია: შეთანხმება მაჟორიტარებზე; ასევე, საუბარია ერთიან ტექნიკურ სიაზე, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ერთი სიით გავა არჩევნებზე, რათა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, შემდეგ კონსტიტუციური ცვლილება და თავიდან არჩევნები. ბევრი ვარიაციებია და მე არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს”, – განაცხადა დავითაიამ.

ენმ-ის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, თანაფარდობის შეცვლის იდეა ელჩებმა გაახმიანეს, თუმცა ენმ-ის პოზიცია უცვლელია და სრულად პროპორციულ სიაზე გადასვლას ემხრობა.

“ეს ელჩების იდეა იყო, ერთხელ გაიჟღერა, კომპრომისის მოსანახად ხომ არ მოვძებნოთ რამე სხვა თანაფარდობაო. არავითარი განხილვა ამ იდეის არ ყოფილა და, მით უმეტეს, არ შეთანხმებულა. ზუსტად ისევე, როგორც არ შეთანხმებულა რამე განცხადების გაკეთების არც თარიღი, არც დრო. ამიტომ, თუ ოფიციალური შეთავაზება იქნება ან ხელისუფლებისგან, ან ჩვენი ფასილიტატორებისგან, ჩვენ ამას განვიხილავთ. “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია რჩება უცვლელი – ჩვენ გვინდა პროპორციული არჩ3ვნები და ეუთოს 27-ივე რეკომენდაციის გათვალისწინება”, – განაცხადა ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი