ახალი ამბები

EMC: კანონპროექტი იძულებით შრომასა და ტრეფიკინგზე ეფექტურ რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს

10 ივლისი, 2015 • 1361
EMC: კანონპროექტი იძულებით შრომასა და ტრეფიკინგზე ეფექტურ რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს

EMC ამბობს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა; შედეგად, ვერ უზრუნველყო მონაწილეობითი პროცესის შექმნა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განხილვის პროცესში.

 

EMC აცხადებს, რომ ტრეფიკინგის  გამოვლენა და მასზე რეაგირების დამატებითი მექანიზმის შექმნის მცდელობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი, ერთი მხრივ, აჩენს კითხვებს თავად კანონის პირველადი მიზნის – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გზების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ პასუხობს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრობლემას და რეგულირების მიღმა ტოვებს ამგვარ ფაქტებზე სათანადო რეაგირების საკითხს:


“კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის) ფუნქციებს ემატება შრომის პირობების შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით. თუმცა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისათვის რეაგირების ერთადერთ ფორმად განსაზღვრულია მიმართვა საგამოძიებო ორგანოებისადმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შემოწმება ტრეფიკინგის შემთხვევებს გამოავლენს. კერძოდ, კანონპროექტი არ ითვალისწინებს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისას შესაბამის რეაგირებას, თუ დასახელებული ფორმები არ მიაღწევს ტრეფიკინგის დანაშაულის შემადგენლობას. შედეგად, კანონპროექტი მიზნად ისახავს არა იძულებითი შრომისა და  შრომითი ექსპლუატაციის, როგორც ტრეფიკინგისაგან დამოუკიდებელი შემადგენლობების, პრევენციას და აღმოფხვრას, არამედ მათზე დაკვირვებასა და იდენტიფიცირებას მხოლოდ ტრეფიკინგის გამოვლენის საშუალებად განიხილავს. თუმცა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მე-3 ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ექსპლუატაციის ყველა ფორმაზე პროაქტიული გამოძიების წარმართვისა და ჩატარებისთვის.

იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოფს ქმედითი ისნპექტირების ორგანოს შექმნა, რომელიც პროაქტიულად შეძლებს ამგვარ შემთხვევათა იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებას. აღნიშნულის აუცილებლობას პირდაპირ უსვამს ხაზს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტრეფიკინგის შესახებ 2014 წლის ანგარიში. ასეთი ქმედითობის შესაძენად, ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს უფლებით, პირდაპირი დაშვების გზით განახორციელოს ნებისმიერი დაწესებულების შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოსავლენად. შემოთავაზებული ცვლილებები, მიუხედავად ტრეფიკინგთან ეფექტური ბრძოლის მიზნისა, ნათლად არ განსაზღვრავს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ საწარმოში ამგვარი შეღწევის უფლებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იძულებითი შრომისა და ექსპლუტაციის პრაქტიკების გამოვლენა.


კანონპროექტი გვთავაზობს ტერმინს „შრომითი ექსპლუატაცია“, თუმცა არ აზუსტებს მის შინაარს იმ პირობებში, როდესაც ამგვარ ცნებას არ იცნობს მოქმედი კანონმდებლობა. სისხლის სამართლის კოდექსი, ისევე, როგორც „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, „ექსპლუატაციის“ ცნებას ტრეფიკინგის დანაშაულს უკავშირებს და არ მოიაზრებს მას, როგორც დამოუკიდებელ შემადგენლობას. თუმცა კანონპროექტს ცნება დამოუკიდებელი მნიშვნელობით შემოაქვს, შესაბამისი შინაარსის დაზუსტების გარეშე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გარკვეულ ინდიკატორებს ადგენს და ექსპლუატაციის შინაარს უკავშირებს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა:  მოჭარბებული სამუშაო დრო,  ასევე, შრომა უსაფრთხოების ნორმების დაუცველად, ანაზღაურების გარეშე, ან დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, სოციალური დაცვის არარსებობის, მძიმე სამუშაო გარემოსა და ხელფასით მანიპულირების პირობებში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული ინდიკატორები დამოუკიდებლად იძლევა შრომის ექსპლუატაციის კვალიფიკაციას. ამდენად, აუცილებელია შრომით ექსპლუატაციის ცნებების დაზუსტება  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული კომპონენტების გათვალისწინებით,”– აღნიშნულია EMC–ის განცხადებაში.


EMC ამბობს, რომ კანონპროექტი არ გვთავაზობს იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სათანადო სამართლებრივ ჩარჩოს და კვლავ დღის წესრიგში ტოვებს შრომის უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. მათი განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილება ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას; ამასთან, ის მხოლოდ შრომითი უფლებების შელახვის ცალკეულ ფორმებს მიემართება, რაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებათა შელახვის მასშტაბებისა და სიმძიმის, მათ შორის დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის წარმოშობილი საფრთხეების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება მნიშვნელოვან ცვლილებად.

 

EMC აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს შრომით ექსპლუატაციასა და იძულებით შრომაზე, როგორც დამოუკიდებელ ქმედებებზე, რეაგირების ეფექტური მექანიზმები, რაც ასევე გაითვალისწინებს დაწესებულების ვალდებულებას, მიიღოს ზომები ამგვარი პრაქტიკის დაუყოვნებლივი აღმოფხვრის და კანონმდებლობასთან შრომის პროცესის შესაბამისობისათვის. ასევე, მათი განცხადებით, აუცილებელია, ნათლად დადგინეს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილება, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების გამოსავლენად; ასევე, განისაზღვროს შრომითი ექსპლუატაციის ცნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების გათვალისწინებით.

EMC
EMC

მასალების გადაბეჭდვის წესი