იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” (I) საქმეზე 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.
უწყების განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მათ აცნობა, რომ საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა; საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ კი რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა.

2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” − გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.
აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის.
კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წლის 3 სექტემბერს საქართველოს სამინისტრომ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და, როგორც შუამავალს, სთხოვა დახმარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებების წარმოებაში. პასუხად საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ.