ახალი ამბები

გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

8 ივლისი, 2015 •
გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ყველა სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება. ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა სრულად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის რისკი. 

 
ამასთან, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დაუყოვნებლივ უნდა ცნოს  გარდაცვლილი პიროვნების ახლო ნათესავი, რათა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება, სიღრმისეულად იყოს ინფორმირებული და ადევნოს თვალი ძიების მიმდინარეობას. ამავე დროს აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა გაატარონ მსგავს ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოების სისტემატური და პროაქტიული ინფორმირების პოლიტიკა. 
 
 
იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა არა დანაშაულს, არამედ თვითმკვლელობას პატიმრის მხრიდან, მნიშვნელოვანია ყველა ასეთი საქმე დეტალურად იქნეს გაანალიზებული და შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი ტრაგედიის პრევენცია. 
 
 
საია მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის შეფასება როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე გარე დამკვირვებლების მხრიდან.
 
 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს, 15:46 წუთზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 1980 წელს დაბადებული ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. პატიმარმა, რომელიც 6-კაციან საკანში იყო, წინასწარი მონაცემებით საპირფარეშოში თავი მოიკლა.

 

 სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. 

 

“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა”- ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი