ახალი ამბები

გეიტსები კიდევ $100 მლნ-ს რიცხავენ კორონავირუსთან საბრძოლველად

6 თებერვალი, 2020 • 1627
გეიტსები კიდევ $100 მლნ-ს რიცხავენ კორონავირუსთან საბრძოლველად

ამერიკელი მილიარდერი, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა გეიტსი კორონავირუსთან საბრძოლველად კიდევ 100 მილიონ დოლარს გადარიცხავენ.

ინფორმაცია გეიტსების ფონდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ორიოდე კვირის წინ მათ განაცხადეს, რომ $10 მილიონით აპირებდნენ დახმარებას. ჯამში, ისინი 110 მილიონ აშშ დოლარს რიცხავენ კორონავირუსთან საბრძოლველად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად მათ 675 მილიონი აშშ დოლარი სჭირდებათ. გეიტსებმა დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ჯანმოს ამ განცხადების შემდეგ მიიღეს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 24 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 490 ადამიანი დაიღუპა, 488 -უშუალოდ ჩინეთში.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.


გარეკანის ფოტოზე: ბილ და მელინდა გეიტსები. გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი