ახალი ამბები

“ODIHR-მა ოპოზიციას მიანიშნა, რომ გაიგზავნა დოკუმენტი, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო” – კობახიძე

6 თებერვალი, 2020 • 1196
“ODIHR-მა ოპოზიციას მიანიშნა, რომ გაიგზავნა დოკუმენტი, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისისისაგან მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიიამ სახალხო დამცველი უხერხულ მდგომაროებაში ჩააგდო, რადგან მისი თქმით, გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი იმგვარი ფორმულირებით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო.

კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ODIHR-მა ოპოზიციას ისე მიანიშნა, როგორც პატარ ბავშვებს. კობახიძის თქმით, დასკვნაში ODIHR-ს გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არ უმსჯელია, რადგან დოკუმენტის მიხედვით, ეს მათი პრეროგატივა არ იყო:

“სახალხო დამცველმა ოპოზიციის თხოვნით გააგზავნა ODIHR-ში თხოვნა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურიბასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი. ეს არის დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ODIHR- ში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ODIHR-ისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის მათი პრეროგატივა. ანუ, არის ძალიან მარტივი პაუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან, ოდირი ვერ შეაფასებს კანონის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არის თავსებადობაში კონსტიტუციასთან და მეორე, მათ ისიც კი არ იციან, თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც. ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო და ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, მიანიშნა ჩვენს ოპოზიციას” ,- ამბობს კობახიძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ოპოზიციას მოუწოდებს, დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნების 100/50 მოდელით ჩატარებას, სადაც მაჟორიატრების რაოდენობა 50-მდე მცირდება:

“რეალურად, ორი მესიჯი იკვეთება ODIHR-ის დასკვნიდან. ერთი ის, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის, მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე – სრულად მაჟორიტარული და ასევე, შერეული სარჩევნო სისტემები. დოკუმენტში არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.

აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული 100/50 სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მოხედვით. ეს არის 77/73. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის მიხედვით სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან”, – ამბობს კობახიძე.


რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი 2019 წელს წარადგინეს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობენ. ეს მოდელი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც პარლამენტში ჩავარდა 2020-ის არჩევნებში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი, ასევე მსხვილდება მაჟორიტარული ოლქები. ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და აპირებენ, პროექტი ექსპერტიზისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.

ამ მოდელის თანახმად:

  • ისევე როგორც ახლა, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
  • პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს ერთი ბიულეტენით თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ბიულეტენით ხმა მისცეს იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას, ისევე როგორც ეს ამჟამად არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ხდება, თუმცა, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, შეიცვლება მანდატების განაწილების პრინციპი.

დღეისათვის მანდატები ე.წ. პარალელური არჩევნების მოდელით ნაწილდება. 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა, ხოლო 77 – პროპორციულით, ანუ პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი სიები 77 მანდატიდან პროპორციულად, მიღებული პროცენტების შესაბამისად ინაწილებენ საპარლამენტო ადგილებს, და ეს ორი სისტემა ერთამენეთზე გავლენას არ ახდენს. პარტიას პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატებზე ემატება პარალელურად მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ადგილები და ასე გამოიანგარიშება მისი საბოლოო წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მოდელით ეს მიდგომა იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი