ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერ

5 თებერვალი, 2020 • 1324
ჩუგოშვილი: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერ

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა, ამბობს, რომ პარლამენტში მხარს არ დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე. 

ეს განცხადება მან 4 თებერვალს ტვ “პირველის” გადაცემა “ღამის საუბრებში” გააკეთა. 

“არა, მე ვერ დავუჭერ მხარს შოთაძის კანდიდატურას.  პირადად მას არაფერს ვერჩი და მიმაჩნია, რომ კარგი იურისტი და გამოცდილი პროკურორია. უბრალოდ, მე არასწორი მგონია  ისევ ამ თანამდებობაზე შემობრუნება, როდესაც მოგიწევს ადამიანს თანამდებობის დატოვება, თან ამას აკეთებ საკუთარი განცხადებით და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე. ანუ მოხდა ქვეყანაში რაღაც ისეთი, რაც იყო პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული და რამაც გამოიწვია უდიდესი საზოგადოებრივი მღელვარება და როცა ამ ფონზე იღებ გადაწყვეტილებას, ისევ ამ თანამდებობაზე შემობრუნება მე ვერ წარმომიდგენია. ეს არასწორი რამ მგონია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ის მხარდაჭერა, რაც შოთაძეს აქვს, საკადრო კრიზისსაც აჩვენებს. 

ირაკლი შოთაძე, რომელსაც გენერალური პროკურორის პოსტი 2015 წლიდან ეკავა ექვსი წლის ვადით,  2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა.  

შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

2020 წლის იანვარში ის კვლავ წარადგინეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც აქვს. 4 თებერვალს, პროცედურის თანახმად, ის საპროკურორო საბჭოში წარდგა გასაუბრებაზე. 

კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭომ სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 

ირაკლი შოთაძის კვლავ გენერალურ პროკურორად დანიშვნას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი