ახალი ამბები

პრეზიდენტის შვილებზე მუქარის საქმეზე პირს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

5 თებერვალი, 2020 •
პრეზიდენტის შვილებზე მუქარის საქმეზე პირს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის განხორციელების ბრალდებით ერთი პირი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქმის განაჩენის მიხედვით, მუქარას მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენება მისცეს სალომე ზურაბიშვილის შვილებმა: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 წლის 9 ნოემბერს „ფეისბუქში“ მისთვის სრულიად უცნობმა G.R. -მ მისწერა, მიესალმა და შემდეგ დაურეკა. „ახლა კარგად მომისმინე, ბიჭო“, – ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ თეიმურაზს აუდიოზარი გაუთიშავს. თეიმურაზის თქმით, ამის შემდეგ მას ბრალდებული მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდა.

„სიცოცხლე არ გინდათ? შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ…“ – მისწერეს სალომე ზურაბიშვილის შვილს. განაჩენის მიხედვით, თეიმურაზ გორჯესტანს ლათინური შრიფტით სწერდა ბრალდებული ქართულ ენაზე. ბრალდებული შეურაცხყოფდა სალომე ზურაბიშვილს და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მოსამართლეს თეიმურაზ გორჯესტანმა ასევე უთხრა, რომ მუქარის ავტორს არ უპასუხა, თუმცა „ფეისბუქში“ მისი პროფილი შეამოწმა და ნახა, რომ იგი სამხედრო ძალების თანამშრომელია. თეიმურაზმა აღნიშნა ისიც, რომ მუქარის ამსახველი „სქრინშოთები“ იმავე დღეს დედას – სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნა.

მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბრალდებული რეზერვის კაპრალი იყო 2009-2016 წლებში, 2018 წლის 21 მარტს კი უკრაინაში წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია.

სასამართლოს ჩვენება მისცა ქეთევან გორჯესტანმაც. მან თქვა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება იმავე პირისგან თავადაც მიიღო, თუმცა „მას არ განუცდია შიში“.

სასამართლო პროცესებს ბრალდებული არ დასწრებია. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. იგი ამ დრომდე იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი