„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილ ელჩს აშშ-ში, ანალიტიკოს ბათუ ქუთელიას ასახელებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკონტაქტო ფიგურას ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან ურთიერთობაში.
განახლება: ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა – Orion Strategies
3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის ოქტომბერში აქვს გაფორმებული ლობისტურ კომპანია Orion Strategies-თან [ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ კომპანიასთან კონტრაქტებს აფორმებდნენ საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო].
კონტრაქტის თანახმად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პლატფორმაზეა გამოქვეყნებული, „ნაციონალური მოძრაობა“ „ორიონს“ ლობისტურ საქმიანობაში 250 000 აშშ დოლარს უხდის ერთწლიანი მომსახურებისთვის.
მდინარაძის ბრიფინგს წინ უძღოდა მედიაში ინფორმაციის გავრელება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 27 იანვარს ხელი მოაწერა სხვა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულების გაგრძელებაზე.
„ლობისტების დახმარებას სხვადასხვა საკითხებთან, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მთავრობა და ხელისუფლებაც იყენებს“, – თქვა ბრიფინგზე მდინარაძემ და თქვა, რომ ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ მის მიერ მოტანილ კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ საკონტაქტო პიროვნებად მითითებულია ბათუ ქუთელია, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თავმდჯომარე.
„მას ნაცმოძრაობის დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, ის დღეს ცდილობს, წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც არასამთავრობო სექტორის ობიექტური და მიუკერძოებელი წარმომადგენელი“, — განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის ბრიფინგის პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ენმ-ს, წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა“. მისი თქმით, კონტრაქტზე, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლის გარდა, ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის [კობა ნაყოფიას] ხელმოწერაა და არა ქუთელიასი.
მსგავსი განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
კონტრაქტის იმ ვერსიაში, რაც იუსტიციის დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული, დოკუმენტის ბოლოში ენმ-ის მხრიდან ხელმომწერის ვინაობა არ ჩანს, თუმცა დოკუმენტში ბათუ ქუთელია მითითებულია, როგორც პირი, რომელთანაც „რეგისტრანტს ურთიერთობა აქვს“.
ბათუ ქუთელია 2011-2013 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2008-2011 წლებში, საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. კიდევ უფრო ადრე, 2007-2008 წლებში კი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006- 2007 წლებში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო.
ბათუ ქუთელიამ პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი და ასევე, არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას მოლაპარაკებებში.
ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა – Orion Strategies