ახალი ამბები

NGO–ები პოლიციაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე 2 პირის ცემაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

3 ივლისი, 2015 •
NGO–ები პოლიციაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე 2 პირის ცემაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც მედიასაშუალების განცხადებით, ასახულია, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცავები ბაბაიანსა და ოგანეზოვზე. “რუსთავი 2″–ის ცნობით, ვიდეოგადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული კამერით შეძლო. 

 

არასამთავრობოების განცხადებით, 2 ივლისს გავრცელებულ კადრებში, სავარაუდოდ, ასახულია ამა წლის 5 აპრილს მომხდარი ფაქტები და, შესაბამისად, მასზე მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს; აგრეთვე, არსებობს სახალხო დამცველის შესაბამისი რეაგირება მომხდარის თაობაზე გამოძიების დაწყების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა საქმის შესწავლა სამართალდამცავთა მიერ შესაძლო ეთნიკურ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის კუთხით.

 

NGO-ები აცხადებენ, რომ საკითხის აქტუალობიდან და დარღვევის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეფექტური პრევენციისთვის მათ აუცილებელად მიაჩნიათ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, გატარებული ღონისძიებებისა და ამ ეტაპისთვის არსებული შედეგების შესახებ. ამავდროულად, გამოძიება უნდა წარიმართოს სწრაფად და ეფექტურად საქართველოს პროკურატურის მიერ, ხოლო ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მიეცნენ პასუხისგებაში.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს მასმედიით გავრცელებულ ჩანაწერებში მოხსენიებული პირების უსაფრთხოების დაცვა;

3. საქართველოს სახალხო დამცველმა მოახდინოს ამ პირთა რეგულარული მონახულება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილზე შემოწმება/მონიტორინგი.

 

ასევე, არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად მცირე ვადებში საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ, რათა მკაფიოდ დაფიქსირდეს სახელმწიფოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მოპყრობა ხდება ეთნიკურ ნიადაგზე და მისი სუბიექტები სამართალდამცავები არიან. ამავდროულად, მათივე განცხადებით, აუცილებელია შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლით, რომელიც ზუსტად ასახავს ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის სიმძიმეს.

 

არასამთავრობოები მიმართავენ სასამართლო ხელისუფლებასაც და მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად ნაკლებად გამოიყენონ პატიმრობა (როგორც აღკვეთის ღონისძიება) იმ პატიმრებთან მიმართებით, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანება და პარალელურად ჩივიან, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

 

“არასათანადო მოპყრობის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც ახალი მტკიცებულება, ან პატიმრობის გამოყენების საპირწონე ფაქტორი. შესაბამისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მკაფიო გზავნილი უნდა მიიღონ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომ არასათანადო მოპყრობის ჩადენის შემთხვევაში, გართულდება ან საერთოდ შეუძლებელი იქნება მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობოები კვლავ საუბრობენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე და აცხადებენ, რომ ეს იქნება როგორც ეფექტური გამოძიების კარგი საშუალება, ასევე ხელს შეუწყობს პოლიციისადმი ნდობის ამაღლებას.

 

“არასათანადო მოპყრობის (და ზოგადად სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის) საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, მუდმივად იარსებებს დანაშაულის შემადგენლობის სრულყოფილად გამოუძიებლობის ცდუნება,”– აცხადებენ არასამთავრობოები.

 

მათივე თქმით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულია კონკრეტული საბაზისო კანონის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საქართველოში. საგამოძებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია NGO-ებმა 2015 წლის თებერვალში გამართეს.

 

მათივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი წარდგენილია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოში და საქართველოს მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ ამ პროექტს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა უზრუნველყონ.

 

 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 

 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ციხის საერთაშორისო რეფორმა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

მედიის განვითარების ფონდი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიისთვის – თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი