რ2-ის დამფუძნებლებმა ტელეკომპანიის წილებზე სასამართლოში სარჩელი ხელახლა შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.
კოჟორიძის თქმით, სასამართლოს განჩინებით ტელეკომპანიის 60-პროცენტიან წილს, რომელზეც აქიმიძე და დვალი დავობენ, კვლავ ყადაღა დაედო:
“ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!”- ამბობს ადვოკატი.
17 იანვარს სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის, მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე.
კოჟორიძე განმარტავდა, რომ ამის მიზეზი ერთ-ერთი მოპასუხისთვის სარჩელის ვერჩაბარება გახდა. როგორც იურისტმა განმარტა, სარჩელს ორი მოპასუხე ჰყავდა, ქიბარ ხალვაში და პაატა კარსანიძე. კოჟორიძის თქმით, მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაშია, პაატა კარსანიძე კი სარჩელში იმიტომ მიუთითეს, რომ წილების გადაფორმება დოკუმენტურად მასზე მოხდა:
“ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, რითაც ვითხოვდით, რომ 60 პროცენტი წილი, რომელიც 2004 წელს იძულებით წაართვეს მაშინდელი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით დვალსა და აქიმიძეს, ეს წილი დაბრუნებოდათ. მთავარი მოპასუხე არის ქიბარ ხალვაში, რომელიც მონაწილეობდა წართმევის პროცესში და დღეს არის ამ ქონების მესაკუთრე და ნომინალური მოპასუხე არის პაატა კარსანიძე.
ის ამ საქმეში მოპასუხედ იმიტომაა, რომ 2004 წლის 16 ივნისს, როდესაც იძულებით გააყიდინეს დვალსა და აქიმიძეს წილი, პირველი ადამიანი, ვისზეც მაშინ ეს 60 პროცენტი გადაფორმდა, იყო პაატა კარსანიძე. ნომინალური ფიგურა იყო, რომელმაც ყიდვიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა”,- ამბობს იურისტი.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ სარჩელი ფოსტამ პაატა კარსანიძეს ვერ ჩააბარა:
“მოხდა ისე, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ფოსტამ ჩააბარა ქიბარ ხალვაშს, რომელმაც წარმოადგინა შესაგებელი. ასევე მან გაასაჩივრა სასამართლოს მიღებული განჩინება 60 პროცენტის წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით, სააპელაციომ კი არ დააკმაყოფილა ხალვაშის საჩივარი და ძალაში დატოვა ყადაღა.
თუმცა ფოსტამ ვერ ჩააბარა სარჩელი პაატა კარსანიძეს და სასამართლომ იმ მოტივით, რომ ნომინალურ ფიგურას ვერ ჩაბარდა საარჩელი, მთლიანად საქმის განხილვაზე გვითხრა უარი, რაც ცხადია, არასწორია” , – ამბობს კოჟორიძე.
იურისტის თქმით, არასოწრია, რომ სასამართლომ იმის გამო, რომ საქმეში ნომინალურ ფიგურას სარჩელი ვერ ჩაბარდა, მთლიანი საქმის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ კოჟორიძემ სასამართლოს ხელახლა მიმართა.