ახალი ამბები

PACE შეშფოთებულია პროპორციული სისტემის ჩაგდებით

31 იანვარი, 2020 • 1900
PACE შეშფოთებულია პროპორციული სისტემის ჩაგდებით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) შეშფოთებულია “ქართული ოცნების” მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ენდობა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წელს ევროპის საბჭოს წევრ  10 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და სერბეთი) განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხეველობის გაძლიერებისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების გაზრდის შესახებ. ასამბლეა მხარს უჭერს მართლმსაჯულების სისტემის მე-4 ტალღის რეფორმასაც.

ამავდროულად, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო.
  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევების სავარაუდო ფაქტებისა და ინციდენტების გამოუძიებლობის გამო.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში არსებული ხარვეზების გამო, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო და ერთგვაროვანი კრიტერიუმების ნაკლებობასთან დაკავშირებით.

PACE მოუწოდებს საქართველოს მმართველ პარტიას 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებისკენ, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით და დროულად განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა.

საპარლამენტო ასამბლეა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, იმუშაონ პოლარიზაციის დასაძლევად.

PACE ასევე შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – მიმართულებით განგრძობითი ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის გამო, ისევე როგორც ყირიმის უკანონო აქნექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი