“მედიაკოალიცია” სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სრულყოფილად, დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტი. ამის შესახებ “მედიაკოალიცია” განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, უცნობია, დაიკითხნენ თუ არა თვითმხილველები და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები:
“კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.
ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიციის ცნობით, ისინი გააგრძელებენ ინციდენტის შესწავლას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
ნიკა გვარამიას დღეს, 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამი პირი დასაკითხად გადაიყვანეს. მომხდარი გამო დაკავებული არავინაა.