საზოგადოება

შეშფოთებულნი ვართ გვარამიას დაკავების გამო – პოლონეთის საგარეო უწყება

17 მაისი, 2022 • 816
შეშფოთებულნი ვართ გვარამიას დაკავების გამო – პოლონეთის საგარეო უწყება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი