ახალი ამბები

ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

29 იანვარი, 2020 • 4098
ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში გააგრძელებს.

ამის შესახებ სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზელკო ტრაიკოვიჩმა მიმდინარე წლის 8 იანვარს სერბულ სპორტულ გამოცემას განუცხადა.

ტრაიკოვიჩის ინფორმაციით, დათუნაშვილმა უკვე მიიღო სერბეთის ნაკრებში თამაშის უფლება და მალე დასრულდება მისთვის სერბეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები. დათუნაშვილი სერბეთის სახელით პირველად 2020 წლის თებერვალში, რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, შემდეგ კი ოლიმპიადის საგზურისთვისაც იბრძოლებს.

ზურაბ დათუნაშვილი იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ. ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია / popsport.com

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდოაბას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა. სპორტსმენი ნაკრებიდან გათავისუფლებას და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა, როგორც განაცხადა, მას არც ამ მოთხოვნას უკმაყოფილებდნენ. მის ამ ბრალდებას ჭიდაობის ფედერაციაში უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი