საქართველოსა და სერბეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა 32 წლის ასაკში სპორტსმენის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს.
“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც. სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო”, – წერს ზურაბ დათუნაშვილი.
სპორტსმენის თქმით, მისი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც.
“მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26 წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში. ?ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს”, – წერს ზურაბ დათუნაშვილი.
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.
ზურაბ დათუნაშვილი იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.
2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდაობას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.
დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ასევე ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა. ის 2022 წელს სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს.