ახალი ამბები

დათუნაშვილი სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს

27 დეკემბერი, 2022 • 1517
დათუნაშვილი სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. გადაწყვეტილება სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.

ქართველ მოჭიდავეს, რომელიც 2020 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობს, ჯილდო ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბოჟიდარ მალიკოვიჩმა გადასცა.

“ეს დიდი დღეა ჩემთვის, საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვარ”, — დასძინა დათუნაშვილმა.

ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარს უჭერს.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საუკეთესო სპორტსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩისნაირი ჩემპიონების, წყალბურთელების, კალათბურთელების ქვეყანაში.

მე მიყვარს სერბეთი, მე მიყვარს ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლებ!” — დასძინა დათუნაშვილმა.

ზურაბ დათუნაშვილთან ერთად სერბეთის წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენის ჯილდო სიგრძეზე მხტომელმა ივანა ვულეტამ მიიღო.


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.

ზურაბ დათუნაშვილი იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდოაბას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.

გარეკანის ფოტო: სერბეთის ოლიმპიური კომიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი