არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) გაკეთებული განცხადება, რომ მზადაა, ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი ადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს და მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
“გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა”, – ნათქვამია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- მწვანე ალტერნატივა
- მრავალეროვანი საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)