ახალი ამბები

ლავროვის არშემოშვებით შესაძლოა გავაბრაზოთ ევროპელი პარტნიორები – მარგველაშვილი

29 იანვარი, 2020 • 2210
ლავროვის არშემოშვებით შესაძლოა გავაბრაზოთ ევროპელი პარტნიორები  – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოში არშემოშვებით, შესაძლოა, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

“უაღრესად რთული თემაა. ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ თემას აქვს ხოლმე რამდენიმე შემადგენელი. ერთია ემოციური, რომლის გაშლასაც არ დავიწყებ. ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი და არა – საქართველოს მოპატიჟებული. ამ დროს დგები რეალობის წინაშე, რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის? – შენი ემოცია აღშფოთება თუ რა. ასეთ მომენტში ჩემთვის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესები. ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, რომ კი, იმიტომ, რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს ჩვენს პარტნიორებს შორის? ეს საშიშიროება არსებობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულის” ეთერში.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, ლავროვის არშემოშვებით “ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს”, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ საქართველოს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.

“შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები”, – დასძინა მარგველაშვილმა.

ექს-პრეზიდენტის აზრით, ლავროვის ვიზიტი საქართველოსთვის შესაძლებლობაცაა, ვინაიდან საერთაშორისო მედია ფოკუსირებული იქნება თბილისზე. მარგველაშვილის თქმით, ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება მიუღებლობით შეხვდება, რომელიც დიპლომატიურად უნდა წარმოვაჩინოთ და ამავე დროს, ანგარიში გავუწიოთ ევროპელ პარტნიორებს.

,,აი, ქართველები როგორები ვართ, ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის ეს. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს დავანახებდი, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია ქართველებისთვის, რამდენად ამის გაკეთება შეუძლიათ მათ ევროპული სტანდარტით და რამდენად ვუწევთ ანგარიშს იმ ადამიანებს, ვინც , საბოლოო ჯამში, უტაქტოდ დაპატიჟა ლავროვი საქართველოში”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ,სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – აფხაზეთში და გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ წესის დარღვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ამ თემაზე:

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი