ახალი ამბები

ცოტნე გამსახრუდიას ცოლის ინფორმაციით, თურქეთში მეუღლის ნახვას უკრძალავენ

28 იანვარი, 2020 • 2341
ცოტნე გამსახრუდიას ცოლის ინფორმაციით, თურქეთში მეუღლის ნახვას უკრძალავენ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მყოფი მეუღლის ნახვის უფლებას არ აძლევენ. ჯაბაურის თქმით, გამსახურდიას ნახვის უფლება არ აქვთ არც მის სხვა ახლობლებსაც, გარდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიისა.

როგორც ჯაბაურმა “მთავარ არხთან” საუბარში განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მანანა არჩვაძის თხოვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო და ამისთვის სპეციალური საბუთიც გასცა:

“არსებობს საბუთი, რომელიც გასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სადაც წერია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან არ დაიშვას არავინ მანანა არჩვაძის გარდა, მეც არ შემიშვეს და ექიმებმა მითხრეს, რომ ორი კვირა მის გაღვიძებას არ აპირებდნენ…

ახლა ვაპირებ, ისევ სამართლებრივად ბრძოლას იმის გამო, რომ არ მიშვებენ კლინიკაში”, – განაცხადა ცოტნე გამსახრუდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ანა ჯაბაურმა პირველი უარის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა “მთავარი მხარდამჭერის” სტატუსი, რის საფუძველზეც გამსახურდიას მკურნალობაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ თავად გახდა, თუმცა თურქეთში დაბრუნების შემდეგ ჯაბაურმა კვლავ ვერ შეძლო საკუთარი მეუღლის მონახულება.

ინფორმაციას ადასტურებს ჯაბაურის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ ჯაბაურს მეუღლის ნახვის უფლება სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთის შედეგად არ აქვს:

“ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქალბატონი მანანას გარდა სხვა ვინმეს დაშვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა. ჩვენ არ ვიცით ამის რეალური მოტივები და ჩვენ ველოდებით პრეზიდეტნის ადმინისტრაციიდან ამ ინფორმაციაზე დეტალურ განმარტებას”, – თქვა ადვოკატმა ჯაბა კვარაცხელიამ.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანა ჯაბაურის ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ მანანა არჩვაძეს შვილთან ბოლო 9-10 წელია კომუნიკაცია არ აქვს და მის წინააღმდეგ დავას აწარმოებს სასამართლოში გარკვეული ქონების დაუფლების მიზნით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ამბავი არის ტყუილი ინფორმაცია:

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს” უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური ფეიკ ნიუსია” ,- წერია ადმინისტრაციის მიერ “ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვნეს, რამდენიმედღიანი მკურანლობის შემდეგ აუცილებელი გახდა გამსახურდიას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ის გასული წლის 31 დეკემბერს მოათავსეს.

ფოტოზე: ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ცოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი