Tbilisi Pride ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლებს ეხმაურება. ზურაბიშვილისა და ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ლგბტ თემის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, რაც სიმართლე არ არის.
„დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად, “ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცული იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება” და რომ “სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა”,“ – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აკრიტიკებს ზალკალიანის სხვა განცხადებებსაც, რომელმაც თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.
„შევახსენებთ საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღირსების მარშის დაცვაზე 2019 წელს პირდაპირი და საჯარო უარი განაცხადა. “რაც გინდათ, ის ქენით, ჩვენ არ დაგიცავთ”, – ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იმ ურთულესი გამოწვევების პირობებში, რაშიც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და თემის წევრები ვიმყოფებოდით უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა “ღირსების მარშის” გაუქმებას, საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა“, – ამბობს ორგანიზაცია.
Tbilisi Pride თქმით, მათ სჯერათ, რომ რომ სახელმწიფოს გააჩნდა ყველა რესურსი ღირსების მარშის დასაცავად – მით უმეტეს, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა ეს არ მოხდა.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას, და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას.
პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება! მით უმეტეს, რომ თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის უარყოფით შეფასებებში.
გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი რესურსი მიმართოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სამომავლოდ უხერხული ტყუილების გავრცელების საჭიროებასაც გააქრობს“, – ნათქვამია განცხადებაში.