სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა “მწვანე სკოლა” პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადასტურებს.
როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, “მწვანე სკოლა” სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არასრუწლოვნების სამეთვალყურეო საშუალებების და გადაღებების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. უფრო დეტალურად კი, მაგალითად, სკოლას არ ჰქონდა მითითებული, თუ კონკრეტულად რა ადგილებში მიმდინარეობდა ვიდეოკონტროლი.
სკოლის დირექტორის, კახა დავითურის განცხადებით, სკოლამ აღნიშნული თანხა უკვე გადაიხადა და გაითვალისწინა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც საკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში სადამკვირვებლო კამერების არსებობას გულისხმობს.
დავითურის განცხადებით, მთავარი პუნქტი, რაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებაში იყო მითითებული, გულისხმობდა გამოძიების ფარგლებში სკოლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებულ ვიდეომასალას. დავითურის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მასალის პოლიციისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა.
“ოპერატოიული თვალსაზრისით მოითხოვა პოლიციამ [ვიდეომასალა], ჩვენ არ ვიცოდით, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნის უფლება და გადავეცით შესაბამისი სანქციის გარეშე”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” საუბრისას სკოლის დირექტორმა.
“მწვანე სკოლამ” გასული წლის 11 დეკემბერს პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას. ამის შემდეგ პოლიციაში ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ლუკა სირაძე დაიბარეს, რომელმაც დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.