ახალი ამბები

დაკავების სტანდარტი ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს – სალაძე იზორიას ძმაზე

28 იანვარი, 2020 •
დაკავების სტანდარტი ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს – სალაძე იზორიას ძმაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე უარყოფითად აფასებს ხელისუფლების რეაგირებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას ინციდენტზე. საქმე ეხება ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება, რომელსაც “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ.

“ცხადია, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. როცა პირი არღვევს კანონს, ძმის, დის და ოჯახის წევრის სტატუსი არ არის ის, რაც ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. როცა საუბარია სამართალდარღვევაზე და  არის დაკავების წინაპირობა, ეს დაკავების წინაპირობა ერთიანად უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვისაც ეხება”, – უთხრა სულხან სალაძემ ნეტგაზეთს.

საიას თავმჯდომარის განმარტებით, ვახტანგ იზორიას შემთხვევაში, “როგორც ჩანს, ძმის სტატუსი იყო გადამწყვეტი და არა ის, რომ, უბრალოდ, პოლიციელებმა გადაწყვიტეს მისი გათავისუფლება”.

“ხელისუფლებას ყოველთვის და ყველგან შეახსნებენ სხვა შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, მოქმედებს მკაცრად, მოქმედებს ყველაზე უკიდურესი – დაკავების – სტანდარტით, ხოლო სხვა შემთხვევებში, ხელისუფლება კონკრეტული პირების სტატუსისა და მათი მდგომარეობის გათვალისწინებით ცვლის გადაწყვეტილებას. ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა არის ის, რომ თუ დაკავების საფუძველი არსებობს, ყველა პირის მიმართ გავრცელდეს თანაბარი სტანდარტი”, – განმარტავს სულხან სალაძე.

სალაძის შეფასებით, ვახტანგ იზორიას ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეფასება აჩვენებს იმას, რომ თანამდებობის პირები პრობლემის სიმწვავეს და მასშტაბს ვერ ხედავენ. გომელაური როგორც ამბობს, ამ ინციდენტში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

“ეს არის ერთგვარი შეტყობინება იმ სამართალდამცავების მიმართ, ვინც პატიოსნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, რომ მათ რაც არ უნდა გააკეთონ, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დადგებიან”, – განაცხადა სალაძემ.

ტელეკომპანია “მთავარმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას ვახტანგ იზორიას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული ვახტანგ იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იმდროინდელი მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.

გომელაური იზორიას ძმაზე: იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას?!

მასალების გადაბეჭდვის წესი