ახალი ამბები

გომელაური იზორიას ძმაზე: იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას?!

28 იანვარი, 2020 •
გომელაური იზორიას ძმაზე: იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას?!

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პოლიციელ გიორგი დვალიშვილზე ზეწოლა არ იყო. სწორედ გიორგი დვალიშვილმა გაავრცელა ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას კადრები. გომელაურის თქმით, თუ პოლიციელმა დანაშაულის ნიშნები დაინახა, კადრების შენახვის ნაცვლად გენინსპექციის ან პროკურატურისთვის უნდა მიემართა:

“ეს მოხდა 6 წლის წინ. არ ვიცოდი, ახლა გავიგე. არც მახსოვდა, დვალიშვილი იყო თუ სხვა გვარი. რაც შეეხება დევნას, რეფორმა გაკეთდა საპატრულო პოლიციაში. ამ ადამიანს გადასვლა უწევდა სხვა თანამდებობაზე. ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, მოადგილედ უნდა გადახვიდე ამ და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდებაო. მე არ უნდა გამოვვარდე ჩანაწერებით.

თუ მან (პოლიციელმა დვალიშვილმა) ნახა, რომ ეს დანაშული იყო, ის ვალდებული იყო, წაეღო ან გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ვინ დევნიდა?! 6 წელი თანამდებობაზე იყო, 1 წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე. ხელი არავის შეუშლია”, – ამბობს გომელაური.

მისი თქმით, ვახტანგ იზორიას დანაშული არ ჩაუდენია და თუ დვალიშვილს ხელმძღვანელობამ არასწორი მითითება მისცა, უნდა გაესაჩივრებინა:

“ეს ხელითაც არ შეხებია. კადრებში ჩანს, რომ ერთს ეუბნება, ფორმას გაგხდიო. ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება. გამართლება არ არის, მაგრამ ადამიანს როცა აკავებ, ხშირი შემთხვევაა. თუ დანაშული იყო, პოლიციელელი უნდა წასულიყო გენინსპექციაში ან პროკურატურაში.

მანამდე რა მოხდა? იქნებ ესენი [საპატრულო პოლიციის თანამშრომლები] აყენებენ შეურაცხყოფას?! არ ვიცი, შეიძლება. რაც ამ ადამიანმა [პოლიციელმა დვალიშვილმა] გააკეთა დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ეს მოსაწონი არ არის.  სამართალდამრღვევი პატრულ- ინსპექტორმა უნდა დასაჯოს და თუ ხელმძღვანელმა არასწორი მითითება მისცა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა”, – ამბობს გომელაური.

შს მინისტრი აღნიშნავს, რომ დვალიშვილს ვახტანგ იზორიას გათავისუფლებაზე კომუნიკაცია ლევან იზორიას მძღოლთან ჰქონდა, რომელიც პატრულ-ინსპექტორის ზემდგომი არ არის და, შესაბამისად, დანაშაულის ნიშნებსაც ვერ ხედავს. შს მინისტრი ასევე აცხადებს, რომ კადრების გავრცელება დაემთხვა ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებას და კადრების გავრცელების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს.


ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას ვახტანგ იზორიას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული ვახტანგ იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იმდროინდელი მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი