ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ასაიდუმლოებს აზერბაიჯანის მთავრობა ევროპული თამაშებისთვის გაწეულ ხარჯებს [ფოტო]

29 ივნისი, 2015 •
რატომ ასაიდუმლოებს აზერბაიჯანის მთავრობა ევროპული თამაშებისთვის გაწეულ ხარჯებს [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, ევროპული თამაშების “საოპერაციო ხარჯებისთვის” 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 336 მილიონი მანათი (დაახლოებით 1 მილიარდ 270 მილიონი აშშ დოლარი) იყო გამოყოფილი. თუმცა ამის გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასულ წლებშიც გამოიყოფოდა თანხები ევროპული თამაშების მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.

 

ევროპული თამაშები პირველად ჩატარდა და ის, რომ მას ბაქო უმასპინძლებდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის 41-ე სესიაზე, 2012 წლის 8 დეკემბერს გადაწყდა რომში. თამაშების გახსნის ცერემონია 2015 წლის 12 ივნისს გაიმართა და 28 ივნისს დაიხურა.

ხალხი უყურებს ფოიერვერკებით განათებულ ცას კასპიის ზღვის ბანკების თავზე ბაქოში ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიასთან დაკავშირებით, © EPA/ROBERT GHEMENT, 28.06.2015
ხალხი უყურებს ფოიერვერკებით განათებულ ცას კასპიის ზღვის ბანკების თავზე ბაქოში ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიასთან დაკავშირებით, © EPA/ROBERT GHEMENT, 28.06.2015

ევროპული თამაშებისთვის თანხა პირველად აზერბაიჯანის 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც 2012 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. კერძოდ, 2013 წლის აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 345.9 მილიონი მანათი გამოიყო ახალგაზრდული და სპორტული პოლიტიკის რეალიზაციის, სპორტული ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის მიზნით. ამ სახსრების ნაწილი გამოიყენეს ტანვარჯიშის კომპლექსის და საწყლოსნო სპორტის სასახლის მშენებლობისთვის ბაქოში, ასევე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკის სტადიონის კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციისთვის. ამ ობიექტებში ჩატარდა სწორედ პირველი ევროპული თამაშები.

 

მეორე ტრანში 2014 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო. კერძოდ, 2014 წლის აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ ევროპული თამაშებისთვის საჭირო სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, მომზადებისა და საორგანიზაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი მანათი.

 

ამას გარდა, 1923,1 მლნ მანათი გამოიყო ახალგაზრდული და სპორტული პოლიტიკის რელიზაციის, მშენებლობისა და ობიექტების კაპიტალური რემონტისთვის – საწყლოსნო სპორტის სასახლის, ტანვარჯიშის კომპლექსის, საფეხბურთო სტადიონის (რომელიც იტევს 65 ათას მაყურებელს), ევროპული თამაშების პარკის, ოლიმპიური სპორტული კომპლექსისთვის 11 რეგიონში და ახალგაზრდული სახლებისთვის 9 რეგიონში.

 

ასევე, თამაშების ორგანიზებისთვის დროებითი აღჭურვილობა დამონტაჟდა ტოფიკ ბახრამოვის რესპუბლიკის სტადიონსა და ბაქოს ბროლის დარბაზში სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის.

 

ზოგიერთი სახსრების ჩამონათვალი, რაც გამოიყო 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტული ინფრასტრუქტურისთვის, ასე გამოიყურება:

 

  • ბაქოს ოლიმპიური სტადიონი – 280 მილიონი მანათი;

  • ევროპული თამაშების პარკის მშენებლობა (წყალბურთის, ქვიშის ფრენბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის მოედანი 3×3)  – 150 მილიონი მანათი;

  • საწყლოსნო სპორტის სასახლის დაპროექტება და მშენებლობა – 190 მილიონი მანათი;

  • სასტენდო სროლის კომპლექსის რეკონსტრუქცია – 70 მილიონი;

  • ტანვარჯიშის კომპლექსის მშენებლობა – 79 მილიონ 739 ათასი მანათი;

  • დამატებითი სამუშაოებისთვის ოლიმიური სპორტის სასწავლო ცენტრში “კიური” მინგეჩაურში, რათა იქ ჩატარებულიყო შეჯიბრი სპორტის სახეობაში “კანოე” – 9.5 მილიონი მანათი;

  • ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის განმეორებითი კაპიტალური რემონტი – 36,7 მილიონი მანათი და ა.შ.

 

პრეზიდენტის ბრძანებაში 2015 წლის აზერბაიჯანის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების თაობაზე ნათქვამია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო სამუშაოებისთვის ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდ 336 მილიონი მანათი.

 

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა აზად რაჰიმოვმა ამასთან დაკავშირებით მედიას განუცხადა, რომ ევროპული თამაშების “ბაქო 2015”-ის ბიუჯეტი ორი ნაწილისგან შედგება:

 

“პირველი ნაწილი შედის საინვესტიციო პროგრამაში, რომელიც 2018 წლამდეა გაწერილი და დამტკიცებული. აქ, სხვა სფეროებთან ერთად, ადგილი ეთმობა სპორტსაც. მეორე ნაწილია – ევროპული თამაშები “ბაქო 2015”-ის ოპერატიული კომიტეტის ბიუჯეტი. ამ ყველაფერზე გამოყოფილია 950 მილიონი მანათი”.

 

მინისტრმა რაგიმოვმა დაამატა, რომ ბიუჯეტის მეორე ნაწილში შედის ხელფასები, ტექნოლოგიური სისტემების ხარჯები, დროებითი მოწყობილობები, კომუნიკაცია, სარეკლამო სამუშაოები და ყოველდღიური ხარჯები.

 

ადგილობრივი მედია მინისტრ რაჰიმოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ თამაშების გახსნის ცერემონიაზე 100 მილიონი მანათი დაიხარჯა. ცნობილი პოპ-დივას, ლედი გაგას მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულება ქვეყანას 2 მილიონი დოლარი დაუჯდა, – წერს Eurosport-ი. მაგრამ ამ ციფრების დაზუსტება ჩვენ ვერ შევძელით.

 

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების კომენტირებისას ექსპერტმა ზოხრაბ ისმაილმა აღნიშნა, რომ ხარჯები შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე – მითითებულია. მისი თქმით, ხარჯების დიდი ნაწილი ბიუჯეტში აღნიშნულია, როგორც “სახელმწიფო საინვესტიციო ხარჯები”, რომლის დეტალები ყოველთვის უცნობი რჩება. მხოლოდ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ნაწილდება ეს თანხა მინისტრთა კაბინეტის მიერ.

 

“თამაშებზე დახარჯული 4 მილიარდი დოლარის გარდა, არის ირიბი ხარჯებიც. მაგალითად, აშენებული ობიექტების ენერგო და წყალმომარაგება, საავტომობილო გზის მოწყობა. ეს ხარჯები უკვე აღნიშნულია ბიუჯეტში, სხვადასხვა მუხლებში, ანუ თუკი ამ ყველაფერს მივადევნებთ თვალს, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება”.

 

ისმაილი არ ეთანხმება ევროპული თამაშების ხარჯების შედარებას ლონდონისა და სოჭის ოლიმპიადებთან. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი შედარებისთვის აუცილებელია სამივე სახელმწიფოს საერთო მოგების და ფულადი რეზერვების გათვალისწინება.

 

“ზაფხულის ოლიმპიადა გრანდიოზული ღონისძიებაა. მასში მონაწილეების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროპული თამაშების მონაწილეების რაოდენობას. ამასთან, ქვეყნებში ყველა ხარჯები ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა. ამ თამაშებს ძლიერი სპონსორები ჰყავს. მაგალითად, ლონდონი ძალიან ძვირადღირებული ქალაქია. იქ მუშა იღებს თვეში 4 ათას ფუნტ სტერლინგს, ჩვენთან კი – 300 მანათს. შესაბამისად, ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობა იქ 10-ჯერ უფრო ძვირი უნდა დაჯდეს, ვიდრე – ჩვენთან. ანუ, თუკი იქ თამაშები დაჯდა 11 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ჩვენთან ეს ციფრი მაქსიმუმ 1 მილიარდი უნდა იყოს”.

 

რაც შეეხება რუსეთის მიერ სოჭის ოლიმპიადისთვის დახარჯულ თანხებს, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი არ უნდა ადარებდეს თავს რუსეთს: “მათი სავალუტო ფონდი რამდენიმე ასეული მილიარდისგან შედგება, ჩვენი რეზერვებია 35 მილიარდი”.

 

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარი განაცხადა ოფიციალურ ბიუჯეტზე კომენტარი გაეკეთებინა და თქვა, რომ “ბიუჯეტის საკითხი უკვე აღარ ისმება”.

 

იურისტი ალესკერ მამედლი მიიჩნევს, რომ ამგვარი მასშტაბური სპორტული თამაშებისთვის გამოყოფილი თანხა ეფექტური შეიძლება იყოს გრძელვადიანი ტურიზმის განვითარებისთვის.

 

“ეს პროექტი მიმართულია ქვეყნის პოპულარიზაციისკენ. საზოგადოებაში შფოთვის მიზეზია არა უშუალოდ ამ სპორტული შეჯიბრის ჩატარება, არამედ ამაზე ზედმეტად დიდი თანხის ხარჯვა, კორუფციული ელემენტების შესაძლებლობა. ლონდონის ოლიმპიადის გახსნასა და დახურვაზე, ჯამში, დაიხარჯა 65 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ჩვენთან კი მხოლოდ გახსნაზე დახარჯეს 100 მილიონი მანათი. არის არაეკონომიური ხარჯვის პრობლემა”.

 

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი საუბრობს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დამატებითი ხარჯების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან ასევე დაიხარჯა სახსრები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ირიბად უკავშირდებოდა ევროთამაშებს. ამაში შედის რამდენიმე გზის რემონტი, ხიდების რეაბილიტაცია, მეტროს, ასევე, ბაქო-სუმგაითის მატარებლების შესყიდვა.

 

“ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს ევროთამაშებთან, მაგრამ ვიცით, რომ თამაშები რომ არა, ბევრი ეს ნაბიჯი არ იქნებოდა გადადგმული. ხელისუფლება არ ასაჯაროებს ამას, როგორც სხვა ხარჯებს, და არ შეაქვს ისინი თამაშების ბიუჯეტში”.

 

ეკონომისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე გაწეული ხარჯები გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა ბიუჯეტში ტურისტების ხარჯზე. აზერბაიჯანში კი ეს ნაკლებად მოსალოდნელია:

 

“ასეთი ხარჯები აზერბაიჯანის მხრიდან არაეფექტურია. მიზანი იყო ქვეყნის პოპულარიზაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანა მისი ცუდი მხარით გაიცნეს. ჩვენი პრობლემები გაშუქდა მთელი მსოფლიოს მედიაში. ტურიზმის განვითარება კი არ ხდება, რადაგან ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ ჩამოსული სტუმრების ხარჯების დაფარვა – ჩვენ ტურისტების ნაცვლადაც კი ვიხდით,” – განაცხადა ჯაფარლიმ

 

რა მოგებას იღებს ქვეყანა ასეთი ხარჯების გაღების ფონზე? – ნატიგ ჯაფარლი ამბობს, რომ ტურისტების მოსალოდნელი მოზღვავება არ ყოფილა. მისი თქმით, ამის მიზეზია ფუნდამენტური პრობლემების მოუგვარებლობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის:

 

“მასშტაბური თამაშების ჩატარება არ არის საკმარისი ტურისტების მოსაზიდად. ჩვენ ვიზები დავუწესეთ ქვეყნების უმრავლესობას, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა. ასევე, არ არის თავისუფალი კონკურენცია იაფი ფრენების განსახორციელებლად. რამდენადაც “აზალი” მონოპოლისტია, ის ყიდის ბილეთებს ძალიან ძვირად. არ არსებობს იაფი ჰოსტელები ან 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი. ბოლო წლებში ქვეყანაში შენდება ძვირადღირებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. ტურისტებს ხომ არ მოუნდებათ ისეთ სასტუმროში ყოფნა, სადაც ნომერი მინიმუმ 200 მანათი ღირს?! ანუ ამ ხარჯების დაბრუნება ტურისტების საშუალებით უახლოეს 10 წელში შეუძლებელია”.

 

ეკონომისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ უნდა აეღო ჩამოსული სტუმრების ხარჯების დაფარვა, რამდენადაც ეს ნიშნავს იმათი ხარჯების დაფარვასაც, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდნენ, როგორც ტურისტები.

 

“ტურისტულ ქალაქებში ისტორიული ძეგლების ირგვლივ, ცენტრში შეიძლება იხილოთ ტურისტების დიდი ჯგუფი. ჩვენთან ეს არ ყოფილა. ქვეყანამ თვითონ დაფარა ჩამოსული სტუმრების და სხვა ქვეყნებიდან მოზიდული ვოლონტიორების ხარჯები. რეალურად, ის თავისი ჯიბიდან იხდის ხარჯების ნაწილს, რომლებიც ტურისტებიდან უნდა მიეღო. გვხვდება სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ტაქსის უფასო მომსახურება ტურისტებისთვის, უფასო მგზავრობა მეტროთი. რეალურად კი, იმ ქალაქებში, სადაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება, შემოსავლების ნაწილს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან იღებენ. ამიტომ არასწორია ტურისტების სერიოზულ ნაკადზე საუბარი”.

 

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ გვითხრან, თუ რამდენი ტურისტი ჩამოვიდა ზუსტად ქვეყანაში თამაშების დროს: “ინფორმაცია ივლისის დასაწყისში დაზუსტდება”.

 

თუმცა აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროპული თამაშების ჩატარება ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანი იყო.

 

“ეს მოვლენა შეიტანს წვლილს აზერბაიჯანის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციაში სხვა ქვეყნების ხალხებს შორის,” – განაცხადა თამაშების გახსნამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა.

მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015
მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015

მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015
მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015

მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015
მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015

მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/ZURAB KURTSIKIDZE, 28.06.2015
მოცეკვავეების წარმოდგენა ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, © EPA/ZURAB KURTSIKIDZE, 28.06.2015

სიმურღი, აზერბაიჯანული ფოლკლორის მითიური ჩიტი გამოსახეს ეკრანზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ევროპული თამაშევის დახურვის ცერემონიაზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015
სიმურღი, აზერბაიჯანული ფოლკლორის მითიური ჩიტი გამოსახეს ეკრანზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ევროპული თამაშევის დახურვის ცერემონიაზე, © EPA/SERGEY DOLZHENKO, 28.06.2015

ხალხი შეიკრიბა კასპიის ზღვის ბანკებთან ვროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე, © EPA/ROBERT GHEMENT, 28.06.2015
ხალხი შეიკრიბა კასპიის ზღვის ბანკებთან ვროპული თამაშების ბაქო 2015-ის დახურვის ცერემონიაზე, © EPA/ROBERT GHEMENT, 28.06.2015

ფოიერვერკმა გაანათა ცა ბაქოს ოლიმპიური სტადიონის თავზე ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიაზე, © EPA/ZURAB KURTSIKIDZE, 28.06.2015
ფოიერვერკმა გაანათა ცა ბაქოს ოლიმპიური სტადიონის თავზე ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიაზე, © EPA/ZURAB KURTSIKIDZE, 28.06.2015


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი