ახალი ამბები

NGO-ები ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვისკენ მოუწოდებენ

28 იანვარი, 2020 •
NGO-ები ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვისკენ მოუწოდებენ

22 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ცვლილებების განხილვას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ხელისფლების გადაწყვეტილება, 2020 წლის არჩევნები არ ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ NGO-ების წარმომადგენლებმა დღეს, 28 იანვარს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი”, – განმარტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

NGO-ების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და საზოგადოების მზარდი პოლარიზაცია უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიას სიტუაციის განსამუხტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

“ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება. ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა, უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. საარჩევნო სისტემის ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ, შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, შექმნის პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების წინაპირობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI)

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

საფარი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მწვანე ალტერნატივა

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს მედია-კლუბი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB)

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC)

რეგიონის განვითარების ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი