ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთთან პირდაპირი რეისები გაუქმედება, ქალაქ ვუჰანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რა ფორმით და როდის ჩამოიყვანენ ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი:
“ჩინეთთან ფრენები აიკრძალება. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, დღეს გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით უნდა მოხდეს მათი ევაკუაცია.”
ჩინეთში კორონავირუსის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია. ჩინეთის გარდა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და კანადაში.
საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში.
- აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ; - მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;
- ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხელებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.
ვრცლად: