“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა გასააჯაროვა წერილი, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელმა სენატორმა, შეიარაღებული ძალების და ვაჭრობის კომიტეტისა და ამავდროულად, ჰელსინკის კომისიის წევრმა, რესპუბლიკელმა როჯერ ვიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოუგზავნა.
ენმ-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, სენატორი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რამაც ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად წარმოაჩინა.
“მე ვიცი, თქვენ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს წარმატებული დემოკრატიული წინსვლის გაგრძელების თაობაზე, რის გამოც გწერთ ამ წერილს და შეშფოთებას გამოვხატავ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების გამო. გასულ თვეში “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში ვერ შეასრულეს გარდამტეხი დაპირება 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ამ საარჩევნო ცვლილებებს ფართო საშინაო მხარდაჭერა აქვს და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება განიხილავს მას მნიშვნელოვან ნაბიჯად საქართველის მულტიპარტიული დემოკრატისთვის. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მოულოდნელმა ჩაგდებამ უკვე დაიწყო მომავალი წლის არჩევნების სამართლიანობისადმი საზოგადო ნდობის დაზიანება”, – ნათქვამია წერილში.
ამ კონტექსტში წერილში საუბარია პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელიას საქმეებზე. წერილის ავტორი მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს “ციხეში დროის” გატარების მუქარად სჩანს, გამოძიებისთვის შერჩეული დრო და გარემოებები შეშფოთების საფუძველს აღრმავებს.
წერილის ავტორი სენატორი ასევე აკრიტიკებს “ქართული ოცნების” ცალხმრივ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის (რომელთა სამართლებრივი კვალიფიკაცია კითხვის ნიშნებს ბადებს) უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს კანონის უზენაესობისადმი ნდობას შეარყევს.
“არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლები რჩება და მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება და უზრუნველყოს ერთნაირი სათამაშო პირობები ყველა მხარისთვის. თუ ეს ზომები მიღებული არ იქნა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დონემ შესაძლოა შეასუსტოს არჩევნების ლეგიტიმაცია”, – წერს სენატორი.
დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია ფაქტობრივად არის უმაღლესი ორგანო აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც აღნიშნული კომისიის წევრი კრიტიკული წერილით მიმართავს გახარიას.
“განსხვავებით სხვა წერილებიდან, აღიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში. სენატორი აცხადებს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში”, – განაცხადა სამადაშვილმა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს დილით განაცხადა, რომ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრების გარდა, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მიიღო. სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას დღის ბოლომდე მისცა ვადა აღნიშნული წერილის გამოსაქვეყნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვა, რომ ამას თვითონ გააკეთებს. საქართველოს მთავრობამ ენმ-ის განცხადება უკომენტაროდ დატოვა და არც წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით გაუკეთებია კომენტარი.
ამერიკელმა კონგრესმენებმა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ – მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე, წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“.
კიდევ ერთ წერილს ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებისა და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გიორგი გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება.