ახალი ამბები

შეფასებები ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენის” პროექტზე

26 ივნისი, 2015 • • 1528
შეფასებები ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენის” პროექტზე

საქართველოს ბიზნესპალატა და სამშენებლო ასოციაციები ინიციატივით გამოდიან, რომ ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენი” აშენდეს. პროექტი გულისხმობს სასტუმროების, ბიზნესცენტრების, პარკისა და სარბენი ბილიკების მოწყობას.

 

“საქართველოს ბიზნესპალატის” პრეზიდენტმა ემზარ ჯგერენაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი პროექტის მიხედვით, მდინარე ვერეს ხეობისა და დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მოხდება.

ჯგერენაიას განცხადებით, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე დარჩება მწვანე საფარი, ხოლო ხეობის დანარჩენ ნაწილში აშენდება სასტუმროები და ბიზნესცენტრები.

 

ეკონომისტის თქმით, ამ ახალ უბანს ექნება თავისი რეკრეაციული ზონები, ბაღები და სარბენი ბილიკები, ასევე, ჩოგბურთის მოედნები.

 

მდინარე ვერეზე, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მაღლივი კორპუსის ზევით უნდა აშენდეს დამბა, რომელიც დაიცავს მოსახლეობას მდინარის ადიდებისგან.

 

“მდინარე ვერე მოექცევა მილებში, გოფრირებული მილი იქნება თუ როგორც იქნება, იქნება ისე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ქალაქში არსებობს”, – ამბობს ჯგერენაია.

 

მისი განმარტებით, მოსახლეობის უსაფრთხოებას ასევე დაიცავს ნაპირზე გაკეთებული დამცავი ნაგებობები და წინასწარი შეტყობინების მოწყობილობები.

 

კითხვაზე, თუ რამდენი შენობა აშენდება, ჯერ ვერ პასუხობს, რადგან ასეთ დეტალურ გეგმას მას შემდეგ დაწერს, რაც სპეციალისტებთან კიდევ გაივლის კონსულტაციას. თუმცა, როგორც ჯგერენაია ამბობ, ამ პროექტის დაწერაში იტალიელი დეველოპერები ეხმარებიან, რაც მისი აზრით, იმის გარანტიაა, რომ პროექტი “ევროპის სტანდარტების დონეზე” შესრულდება.

 

კითხვაზე, უსაფრთხო იქნება თუ არა მდინარე ვერეს ხეობაში ურბანული ცენტრის აშენება, ჯგერენაია ამბობს, რომ “ყველანაირად იქნება რეგულირებული, ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება.”

 

ეკონომისტის მტკიცებით, პროექტი მერიაში ოთხშაბათს, 24 ივნისს, ხუთ საათზე უკვე განიხილეს, რომელსაც ასევე ესწრებოდა მერი, მერის მოადგილე და თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსი.

 

კითხვაზე, მოიწონეს თუ არა მისი პროექტი, ემზარ ჯგერენაია პასუხობს, რომ “შენიშვნები არ ჰქონიათ და მათი დუმილი თანხმობის ნიშანად “ჩათვალა.

 

თავად მერიამ კი დღეს, 26 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ “ქართული მანჰეტენის” პროექტის ინიციატორებს დედაქალაქის მერიისთვის არანაირი ინიციატივით არ მიუმართავთ.

 

ემზარ ჯგერენაია ასევე მოითხოვს, რომ შევიდეს უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერეს ხეობაში აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის შექმნა.

 

საქართველოს მთავრობაში შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრია ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას აბსურდულს და არაკოლეგიალურს უწოდებს.

ლადო ვარდოსანიძის აზრით, იდეა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ის უნდა განიხილებოდეს მთავრობის უწყებათაშორის საბჭოზე და არა სასტუმროებში მოწყობილ კონფერენციებზე.

 

ურბანისტი მხარს უჭერს წლების წინ შემუშავებულ იდეას, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენების შემდეგ დიდუბის სადგურთან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი საქმიანი ცენტრი და არა თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში.

 

მისი აზრით, თბილისმა უნდა გაიმეოროს პარიზის “ილ დე ფრანსისა” და ფრანკფურტის საქმიანი ცენტრის საუკეთესო მაგალითები.

 

“ასე რომ, თბილისის მანჰეტები ვერაზე აბსურდული იდეეაა, აბსურდულად დარჩება იქამდე, სანამ არ იქნება განხილული ჩვენს საბჭოზე”, – ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

 

ლადო ვარდოსანიძის თქმით, უწყებათაშორის საბჭოში თანხმდებიან პრინციპულ საკითხზე, რომ ვერე მაქსიმალურად უნდა გაიხსნას და ამ დროს ამ საბჭოს გვერდის ავლით კონფერენციების მოწყობა მას გაუმართლებლად მიაჩნია.

 

ვერეს ხეობის მომავალი სხვაგვარად წარმოუდგენია სტუდენტურ მოძრაობა “მწვანე მუშტს”.  მოძრაობის წევრების ინიციატივით მზიურისა და  ზოოპარკის ტერტორიაზე ტყეპარკის მოწყობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 

მოხალისეები მზიურის ტერიტორიას ასუფთავებენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ნათია გაბეჩავა. 16.06.2015
მოხალისეები მზიურის ტერიტორიას ასუფთავებენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ნათია გაბეჩავა. 16.06.2015

“მწავნე მუშტის” წევრი ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ შეიქმნა საფუძველი, რომ ამ ადამიანების ჯგუფს თავისი ინტერესები გამოეხატა.

 

ნიკოლოზ წიქარიძის განმარტებით, ეს ადამიანები თავისი მცდელობებით ხელს უწყობენ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის განვითარებას.

 

“მთავარი პრინციპი, რაზეც უნდა იდგეს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, უნდა იყოს მწვანე ეკონომიკა, მათი ხედვა პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ხედვას, რაც გულისხმობს მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნას”, – ამბობს წიქარიძე.

 

წიქარიძის თქმით, პროექტის ავტორებს ცუდად ესმით რეკრეაციული ფუნქცია, რადგან ჰგონიათ, რომ რეკრეაცია არის ბიზნესცენტრების, სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობა.

 

“ჩვენი აზრით, იქ უნდა იყოს პარკი და მდინარეს უნდა მიეცეს აბსოლუტური თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მდინარე რაღაც დონეზე რეაგირებას მოახდენს”, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე. 

წიქარიძის თქმით, თბილისში აღარ არსებობს მწვანე ზონა, სადაც ადამიანი შეძლებს, რომ ამდენი სტრესის შემდეგ განიტვირთოს, მიიღოს სიამოვნება.

 

დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უკვე დაანონსდა 28 ივნისს თბილისის საკრებულოს წინ აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა მზიურსი ტერიტორიაზე პარკის მოწყობაა.

 

13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი