ახალი ამბები

“სანქციების განხილვის მოწოდებები იზრდება” – კონგრესმენ ბაბინის წერილი გახარიას

25 იანვარი, 2020 • 2770
“სანქციების განხილვის მოწოდებები იზრდება” – კონგრესმენ ბაბინის წერილი გახარიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი, წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი წევრი ბრაიან ბაბინი უგზავნის.

ბრაიან ბაბინი წერილს Twitter-ში აქვეყნებს და ამბობს, რომ აღნიშნული წერილი მიწერა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების გადადებისა და ამერიკული ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგოკომპანიებისთვის კლიმატის გაუარესების გამო გადაწყვიტა.

“როგორც კონგრესის წევრი, დღეს გწერთ, რათა ჩემი ხმა მივუმატო მზარდ შეშფოთებას, რომელიც ეხება საქართველოს განგრძობად უკუდახევას  დემოკრატიული ფასეულობებიდან და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებას”, – წერს ბაბინი და უერთდება კოლეგა კონგრესმენების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარების მიერ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმისა და პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალადობის ცნობების გამო. ბაბინი ასევე უერთდება კონგრესმენ მალინის 2020 წლის 13 იანვრის წერილს.

ბრაიან ბაბინი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ აშშ საქართველოს მხარს უჭერს მისი დამოუკიდებლობის დღიდან და გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული “საქართველოს მხარდამჭერის აქტის” მნიშვნელოვანი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის პოლიტიკაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ფასეულობების უწყვეტ განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების,  კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის ჩათვლით.

“ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გწერთ თქვენ საქართველოს დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები შევიწროების, კონტრაქტის გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ მოექცნენ”, – აცხადებს მალინი და ამის მაგალითად ასახელებს ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერას” შემთხვევას.

ბაბინი საგანგაშოს უწოდებს ასევე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული სოციალური ანგარიშების ქსელის “კოორდინირებულ არაავთენტურ საქმიანობას” ოპოზიციური შეხედულებები ჩახშობისა და ანტიდასავლური, განსაკუთრებით, ანტიამერიკული განწყობების გასაღვივებლად, რაც, მისი თქმით, Facebook-მა გამოავლინა და დაბლოკა.

“ამ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი, კონგრესის 2019 და 2020 წლების ორ აქტი თანხის გამოყოფის შესახებ, განსაკუთრებით მიემართება შეშფოთებებს საქართველოს მთავრობის ანტაგონისტურ ქმედებებთან დაკავშირებით დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართულებით. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე”, – წერს ბაბინი.

კონგრესმენის თქმით, მის მიერ აღწერილი ნეგატიური ტენდენციის გამო, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება.

ბაბინი იმედოვნებს, რომ საქართველო დარჩება აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად მრავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შენებით.

“ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეძლებს იპოვოს გზები, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები ამერიკული კომპანიების საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რათა შეაჩეროს მზარდი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც  წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთითბოძებული უფლებაა ყველა ქართველისთვის”, – წერს კონგრესმენი.


ამერიკელმა კონგრესმენებმა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ – მიწრეს და შეშფოთება გამოთქვეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე, წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“.

კიდევ ერთ წერილს ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებისა და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გიორგი გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი