ახალი ამბები

ქვეყნები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებს გადაურჩებიან და საქართველოს ადგილი რეიტინგში

27 ივნისი, 2015 • 1650
ქვეყნები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებს გადაურჩებიან და საქართველოს ადგილი რეიტინგში

ინფოგრაფიკზე მუქი მწვანე ფერით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც რისკი ყველაზე ნაკლებია, წითელი ფერით კი – ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნები. საქართველო ამ გრაფიკზე ნარინჯისფრითაა აღნიშნული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არის.

 

Business Insider–ის ცნობით, ინფოგრაფიკის შექმნაზე, სადაც ეს მონაცემებია აღნიშნული, იმუშავა Eco Experts–მა, ინფორმაცია კი აღებულია ND-GAIN–ის მონაცემებიდან. ND-GAIN-ის 2013 წლის მონაცემებით, მოწყვლადობის თვალსაზრისით (აქ იზომება ქვეყნის შესასძლებლობები, ადაპტირდეს კლიმატური ცვლილების ნეგატიურ გავლენებთან), 183 ქვეყანას შორის საქართველო 67–ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ქვეყნის მზადყოფნას, განახორციელოს აქტივობები კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, აქ საქართველო 56–ე ადგილზეა. ND-GAIN–ის მიერ გამოთვლილი საბოლოო ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 57–ე ადგილს იკავებს.

 

“მწვანე ალტერნატივის” დირექტორი მანანა ქოჩლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ამ რუკაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით კლიმატის ცვლლებას არ ვუყურებთ საკმაოდ სერიოზიულად. მართალია, დაწყებულია ადაპტაციაზე გარკვეული პროექტების განხორციელება, ისევ დონორების დახმარებით. ეს არ არის არც საქართველოს მთავრობის და არც საზოგადოების პრიორიტეტი. შესაბამისად, ის ადგილი, რომელიც ამ ინფოგრაფიკზე არის გამოსახული, ალბათ ძალიანაც მოსალოდნელი არის”

 

ND-GAIN–ის კვლევის თანახმად, საქართველოსთან დაკავშირებით ტრენდი პოზიტიურია. მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ განვითარების ეს ტემპი არ არის საკმარისი:

 

“მნიშვნელოვანია, რომ ცოტა არ იყოს, დაჩქარდეს ეს განვითარება და რეალურად, კლიმატის ცვლილება იქცეს ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც ინტეგრირებული იქნება გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ საქართველო მართლა ძალიან მოწყვლადია ამ კლიმატის ცვლილების მიმართ და ამასთან ერთად იგივე, რაც ვერეს ხეობაში მოხდა, ეს გარკვეულწილად ალბათ კლიმატის ცვლილებითაც არის გამოწვეული, არასწორ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ. ეს შემთხევევბი გაიზრდება იმიტომ, რომ ნავარაუდევია, რომ გაიზრდება წყალმოვარდნები, ღვარცოფები და მეწყრები. ეს ყველა პროგნოზში წერია და ჩვენ მართლაც ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ეს იზრდება,”– ამბობს მანანა ქოჩლაძე

 

ინფოგრაფიკზე, რომელიც Business Insider-მა გამოაქვეყნა, ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის საერთო მდგომარეობას ასახავს და კონკრეტული რეგიონების მიხედვით არ არის დაყოფილი.

 

გამოცემა წერს, რომ ამ რუკაზე ამერიკა მწვანე ფერით არის აღნიშნული, თუმცა ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი გაცილებით უფრო ნაკლებად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ კლიმატურ ცვლილებებს გაუმკლავდეს. ასეთ ადგილებს შორის არის მაიამი და ნიუ იორკი.

 

Business Insider აღნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებს გაცილებით უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, რათა ადაპტირდნენ პლანეტის დათბობასთან. მთავრობას შეუძლია აიძულოს სანაპიროებზე მცხოვრებნი (მაგალითად, მაიამიში), რომ გადაინაცვლონ ქვეყნის შიგნით, ასევე, შეგვიძლია ავაშენოთ ახალი აეროპორტები და სატრანზიტო ჰაბები ქვეყნის ცენტრში. ეს რუკა სწორედ იმას აჩვენებს, რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობები, რომ მსგავსი პროექტები განახორციელონ.

 

5 ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად გაუმკლავდება კლიმატურ ცვლილებებს, ინფოგრაფიკის თანახმად, არის ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვედეთი, ფინეთი და დანია. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩადი, ერიტრეა, ბურუნდი, კონგო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი