ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტრომ დაუდასტურა.
ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. ესტრადის მომღერალმა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 1983 წელს მიიღო. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში.
1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“.
1986 წლიდან ტელერადიო კორპორაციის სოლისტი იყო.
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.








